საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, რუსთავი 2-ის, იმედის, მაესტროს, GDS-ის, ტაბულას, კავკასიის, ტვ პირველის, ობიექტივის, აჭარის ტელევიზიის და ტელეარხ 25-ის მასალების რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

11 არხი ყველაზე მეტად აშუქებს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, მათ შორის ხელისუფლების პოზიტიური გაშუქებით GDS ლიდერობს, ყველაზე უარყოფითად რუსთავი 2 აშუქებს და ყველაზე ნეიტრალურად აჭარის ტელევიზია.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პოზიტიურ ტონში, ყველაზე ხშირად პირველი არხი აშუქებს, ყველაზე უარყოფითად – რუსთავი 2 და ნეიტრალურად TV პირველი.

პარტია „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად აჭარის ტელევიზიის ეთერში შუქდება, ყველაზე უარყოფითად – რუსთავი 2-ზე, ნეიტრალურად – მაესტროსა და კავკასიაზე.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე პოზიტიურად რუსთავი 2 აშუქებს და ყველაზე უარყოფითად – ობიექტივი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყველაზე პოზიტიურად აჭარის ტელევიზიის ეთერში წარმოჩინდა, ყველაზე უარყოფითად – რუსთავი 2-ზე და ნეიტრალურად ტელეკომპანიების, ტაბულასა და იმედის ეთერში.

11 არხის მონაცემებით, ყველაზე ნეიტრალურად პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ შუქდება.

არხები მეტწილად ეთიკური სტანდარტების დაცვით აშუქებენ სარჩევნო სუბიექტებს, თუმცა არის დარღვევების შემთხვევებიც. არხები უმეტესწილად ე.წ. „კადრ სინქრონის“ გამოყენებით ფადასცემენ ეთერში არჩევნებში მონაწილეებს და ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაცია მხოლოდ ერთ წყაროს ეყრდნობა.

სიუჟეტებში ჟურნალისტები იყენებენ ფრაზებს : „ტელეფონი გამორთული ჰქონდა“, „სამუშაო ადგილზე არ დაგვხვდა“, „დღეს სამსახურში არ იყო“, „კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ა.შ. რაც, კვლევის მიხედვით, ხშირად არ არის საკმარისი გონივრული ბალანსის პრინციპის დასაცავად.

არჩევნების მედიამონიტორინგის მიზანი იყო გამოერვია, 11 მაუწყებელი კვლევისათვის შერჩეულ სუბიექტებს აშუქებენ თუ არა ისეთი პრინციპების დაცვით, როგორიცაა მიუკერძოებლობა და სამართლიანობა, გონივრული ბალანსი, ჯეროვანი სიზუსტე და არადისკრიმინაციული გაშუქება.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, კვლევას ახორციელებს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“

კომენტარები