“ფოთს უნდა გაუჩნდეს პატრონი”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კოტე კემულარიამ Tspress-თან საუბრისას.

“მე მაქვს უდიდესი გამოცდილება, ვიყავი უშიშროების საბჭოს მდივანი და თითქმის ყველა ფოთის განვითარების პროექტში მიმიღია მონაწილეობა. მე ვიქნები დეპუტატი, რომელიც პროფესიონალია და ფოთის პრობლემები ძალიან კარგად იცის. ასევე იცის მისი გადაჭრის გზები და მეთოდები”- აცხადებს კემულარია.

მისი აზრით, ფოთში პრობლემები არის ყველა მიმართულებით.

“ფოთს არ აქვს სანაპირო, ფოთელები ვერ სეირნობენ ზღვაზე, არც განათებაა და არც გზა. ფოთს არ აქვს კინო, სპორტის სასახლე, სტადიონი. უამრავი საწარმოა ფოთში და მიუხედავად ამდენი შემოსავლისა, მაინც გაუსაძლისი მდგომარეობაა”- აცხადებს მაჟორიტარობის კანდიდატი.

კემულარიას მიაჩნია, ფოთისთვის სპეციალური კანონი უნდა შემუშავდეს და ის ამ ინიციატივით აპირებს შესვლას პარლამენტში.

“ვფიქრობთ, ფოთის შესახებ სპეციალური კანონი მივაღებინოთ პარლამენტს, როგორც ეს არის თბილისში. ჩემი მთავარი მიმართულება ეკონომიკა იქნება, რადგან ფოთმა ზუსტად უნდა იცოდეს მისი ბიუჯეტი. 28-29 მილიონი სჭირდება ადგილობრივი შემოსავალი და ფოთი ღირსია ამისი. 60 მილიონს აგზავნის ცენტრალურ ბიუჯეტში და 12 მილიონს იხვეწება. ეს ასე არ უნდა იყოს და ჩვენ ამის მიღწევა გვინდა”- განაცხადა მან.

ის “ქართული ოცნების” ფოთელ კანდიდატს “ოლიგარქიულ-კრიმინალურ წარმონაქმნად” მოიხსენიებს, რომელიც ფინანსური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია და, ამის გამო, მისი აზრით, ხალხთან ურთიერთობა უჭირს.

კემულარია ფოთელებს ფოთის საზღვაო ქალაქად გადაქცევას პირდება.

TSpress-ის კითხვაზე, სათანადო ბერკეტის ან დაფინანსების არქონის შემთხვევაში, ამ ყველაფერს როგორ შეძლებს, პასუხობს, რომ ეს გამორიცხულია.

“ფოთის დეპუტატი მუდმივად უნდა კიოდეს პარლამენტში, თქვენ გაიგებთ ჩემ ხმას, რომ ფოთი არის გადასარჩენი,-აცხადებს ის.

ამავე თემაზე:

პაატა ბურჭულაძემ ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი „ნაციონალი“ კოტე კემულარია წარადგინა

კომენტარები