“ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია მოსახელობასთან შეხვედრისას იმ პრობლემებს ასახელებს, რომელიც წლებია ფოთში მოუგვარებელია და თუ ადგილობრივი ბიუჯეტი ამის საშუალებას მისცემს, მის მოგვარებას აპირებს.

“ქალაქში არ უნდა იყოს სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მოქალაქე ფოთს არ უნდა ყავდეს… დაწყებულია მალთაყვის პროექტი, ვითარდება ინფრასტრუქტურა, შევქმნით ისეთ ბიზნეს-გარემოს, რომ მოვიზიდოთ ინვესტორები… შევქმნათ სამუშაო ადგილები…ხელს შევუწყობთ კერძო სექტორის განვითარებას, რომ თქვენი ოჯახის წევრებიდან ერთი მაინც დასაქმდეს. ფოთი არის პროგრესის ქალაქი, ზღვიდან იწყება ყველაფერი. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ფოთი იყოს ტურისტული ქალაქი. ფოთს უნდა ქონდეს საავადმყოფო, სტადიონი, საცურაო აუზი… რასაც შეგპირდებით აუცილებლად შეგისრულებთ. მოხუცებს უნდა შევუქმნათ ისეთი მომავალი, რომ ბედნიერი სიბერე ქონდეთ”- განაცხადა ხახუბიამ მოსახლეობასთან პირველი შეხვედრისას.

მისი თქმით, ქალაქს არ აქვს სამშობიარო საავადმყოფო. “სამარცხვინოდ, სხვაგან დავდივართ” – განაცხადა მან.

ხახუბიას თქმით, მას აქვს უშუალო კონტაქტები მინისტრებთან და მათ მოადგილეებთან, აქედან გამომდინარე ბევრი შესაძლებლობები აქვს, რომ ეს ყველაფერი გამოიყენოს.

ხახუბიამ ბაზრის დირექტორს ნოდარ კორსანტიას, რომელიც შეხვედრებზე თან ახლდა, ბაზრის მოწესრიგება დაავალა: “ბაზარი არის ძალიან მოუწესრიგებელი, საშინელება ხდება. ვთხოვეთ ბატონ ნოდარის და აუცილებლად მოვაწესრიგებთ” – თქვა კანდიდატმა.

“2 მილიარდიანი პორტი გაყიდეს 110 მილიონად. ამაზე ვიმუშავებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ძალიან ძნელია და ამის პირობას ვერ მოგცემთ, რომ დაბრუნდეს მუნიციპალურ საკუთრებაში”- აღნიშნა კანდიდატმა.

“ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა ჭყონდიდელის ქუჩის, დევნილთა რაიონის, კოსტავას ქუჩის და ბერდიანსკის ბინების მოსახლეებთან. მან ქალაქის ძირითადი პრობლემების მოგვარების პრობლემა დადო.

კომენტარები