ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ზურაბ ფაჩულია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოთის მაჟორიტარის, ეკა ბესელიას მამხილებელ ინფორმაციას აქვეყნებს. მისი განცხადებით, მას თანამდებობიდან გადადგომა მუქარით აიძულეს.

“2014 წლის ივლისში დამიბარეს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას ბიუროში, სადაც კოალიციიდან საკრებულოს წევრებად გასულმა დეპუტატებმა ზ. ჩაჩუამ და ლევან ჩოჩიამ წამომიყენეს პრეტენზიები, რომლის არსიც მდგომარეობდა შემდეგში: რატომ არ დავუჭირე მხარი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ლ. ჩოჩიას და როგორ მოხდა, რომ ამ თანამდებობაზე აირჩიეს დამოუკიდებელი კანდიდატი ო. ხარჩილავა. კატეგორიულად მომთხოვეს უარი მეთქვა თანამდებობაზე საკრებულოს წევრ, აკაკი დარჯანიას სასარგებლოდ, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი აქტივისტი (ასევე ცნობილი ყოფილი კომპარტიული ფუნქციონერი).

მათი მოთხოვნის იგნორირების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, თანდასწრებით დამემუქრნენ განადგურებით და სერიოზული პრობლემების შექმნით. ჩემს მიმართ გამოთქმულ მუქარას, ეკა ბესელიასთან ერთად, ესწრებოდა საკრებულოს თითქმის ყველა წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, ასევე საკრებულოს წევრი პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ მიხეილ გუდავაძე და კიდევ ერთი, ამჟამად გარდაცვლილი, საერთოდ გარეშე პიროვნება, რომელიც ასევე დამემუქრა ანგარიშსწორებით. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩემს მიმართ დევნის დაწყებას მწვანე შუქი აუნთო დეპუტატმა ეკა ბესელიამ” – წერს ზურაბ ფაჩულია და პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

ფაჩულია გასული წლის მარტში, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა, თუმცა დანაშაულებრივი სქემების გამოაშკარავება დააანონსა, რის შემდეგაც ის უკრაინაში წავიდა დროებით საცხოვრებლად. ფაჩულია ადგილობრივ არჩევნებში “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი და ბესელიასთან დაახლოებული პირი იყო.

ფოთის ექს-მერი, კორუფციისთვის და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლებული აკაკი დარჯანია, ამჟამად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და “ქართული ოცნების” ფოთელი კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. დარჯანია წინა არცევნებში “ნაციონალების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

*გამოყენებულია smo.ge-ს ფოტო

კომენტარები