“პრობლემა “უსიამოვნო თევზის სუნი ქალაქში” კომპანიის მხრიდან უკვე მეორე წელია მოხსნილია”, -აცხადებს თევზის გადამამუშავებელი შპს “აისბერგი 2” -ის ხელმძღვანელი და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია. მან საკუთარი ქარხანა და უსიამოვნო სუნისგან დამცავი ფილტრები დღეს მედიას და დაინტერესებულ პირებს დაათვალიერებინა.

ხახუბიას თქმით, დანადგარი, რომელსაც, გადამამუშავებელ საწარმოებში, აქვს ფილტრის ფუნქცია და ეწოდება “ევაპუატორი”, შპს “აისბერგი 2”-მა ჯერ კიდევ გასულ წელს შეიძინა და მისი შესაძენად, კომპანიამ, 2015 წელს, თიბისი ბანკიდან გამოიტანა ბიზნეს-სესხი – 1მლნ 500 ათასი დოლარი. წელს კი ფილტრის გამაძლიერებლის დამატებასაც გეგმავს, რომ სუნი მთლიანად გაფილტროს.

ხახუბიას განმარტებით, თუ წელს სეზონზე მოსახლეობა თევზის სუნმა შეაწუხა, ეს არ იქნება მისი ქარხნიდან. მისი თქმით დარჩენილია კიდევ 2 ქარხანა, რომელსაც შესაძენი აქვს აღნიშნული ფილტრები, რის შემდეგაც მოსახლეობას თევზის უსიაოვნო სუნი არ შეაწუხებს.

ხახუბიამ შეხვედრის ბოლოს, დამსწრეთ ევროპული სტანდარტის შესაბამისი და მაღალტექნოლოგიური დანადარებით აღჭურვილი საწარმოც დაათვალიერებინა.

“შპს ,,აისბერგი 2“ (ს.ნ.215127725) თევზის მომპოვებელი და თევზის (ერთგვაროვანი თევზი ქაფშია) ფქვილისა და ზეთის მწარმოებელი კომპანიაა. კერძოდ, ქარხანა ყოველწლიურად სეზონზე, ლიცენზიით განპირობებული კვოტის ფარგლებში, მოიპოვებს შავი ზღვის რესურს-ქაფშიას, ახდენს მის გადამუშავებას და ღებულობს პროდუქციას თევზის ფქვილსა და ზეთს, რომელიც ძირითადად გააქვს ექსპორტზე და მოთხოვნის შემთხვევაში ყიდის შიდა ბაზარზეც.

კომპანია დაარსდა 2005 წლის 15 ივნისს. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენებამ, წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას პროდუქციის ხარისხით მაღალი სტანდარტებისათვის მიეღწია.

კომპანიაში დასაქმებულია მაღალკვალიფიცირი კადრები. რომლებსაც სისტემატიურად უტარდებათ ინსტრუქტაჟი საწარმოო პროცესებთან და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

საწარმოში დასაქმებულია სამრეწველო თევზჭერის სეზონზე 70-80 კაცი, არასეზონზე 33-35 კაცი.

კომპანია პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს სახელმწიფო გადასახადების გადახდის კუთხით. 2005-2016 წლებში ჩარიცხული აქვს 6 102 000 ლარი. ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი 3 000 00 ლარი, რეგულირების გადასახადი 1489 000 ლარი”- წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ქალაქის მოსახლეობას უკვე 5 წელზე მეტია თევზჭერის ყოველ სეზონზე დამპალი თევზის სუნი აწუხებს, რაზეც უამრავი აქცია უშედეგოდ იმართებოდა.

ამავე თემაზე:

ამ სეზონზე თევზის სუნი ვერ მოისპობა

კომენტარები