სახელისუფლებო ფოთელ კანდიდატს, ირაკლი ხახუბიას თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით გასამართლებული ორი ყოფილი მერი: დავით ქანთარია და გია დარჯანია უჭერს.

ქანთარია 1993-2002 წწ.წალენჯიხის გამგებელი და “მოქალაქეთა კავშირის” წევრი იყო. მისი გამგებლობის პერიოდსა და უმოქმედობას უკავშირდება წალენჯიხის მკვიდრის, სერგო კვარაცხელიას ლინჩის წესით წამება და მკვლელობა. როგორც თვითმხილველებზე დაყრდნობით მედია წერდა, ქანთარია, წალენჯიხის პოლიციის უფროსთან ერთად, თავად ესწრებოდა ჩაქოლვის ფაქტს და მან უკანონობის აღსაკვეთად არაფერი გააკეთა.

ქანთარია ფოთის მერი 2002-2003 წლებში იყო. მას მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ქონდა დამოუკიდებელ მედიასთან. მისი მხრიდან, მედიაზე ზეწოლისა და მუქარის არაერთი ფაქტი არსებობს.

2004 წელს ის თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გაასამართლეს. მას მერობის პერიოდში, 1,2 მილიონიანი კრედიტის არამიზნობრივად ხარჯვას და სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზარალს ედავებოდნენ. მან საპატიმრო 200 ათასიანი ფულადი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა. მოგვიანებით, ასევე კორუფციის ბრალდებით, ის კვლავ დააკავეს და 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამ დაკავებას ის ოქრუაშვილის პარტიაში შესვლასა და აქტიურობას უკავშირებს.

“მოგვიანებით, საქმეში ოპოზიციური პარტიები ჩაერივნენ, პოლიტპატიმრად მაღიარეს, ასევე პატრიარქი ჩაერია, რისთვისაც მისი მადლობელი ვარ და ამიტომ იძულებულები გახდნენ გავეთავისუფლებინეთ. ამჯერადაც, თანხის გადახდის სანაცვლოდ (35 000 ლარის) 5-წლიანი პირობითი მსჯავრით გამომიშვეს. “- ამბობს ქანთარია ინტერვიუში. ქანთარიამ ჯამში საპატიმროში 13 თვე გაატარა. ის თავს სამხარეოს იმჟამინდელ პროკურორ როლანდ ახალაიას პირად პატიმრად მიიჩნევდა და ყველა ბრალდებას უარყოფდა.

ქანთარია 2012 წელს ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო, თუმცა 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე,”ქართულ ოცნებაზე” განაწყენებული იმის გამო, რომ თანამდებობა არ შესთავაზეს, ბურჯანაძის პარტიიდან იყრის კენჭს ფოთის მერობაზე, თუმცა მარცხდება.

“მაშინ „ქართული ოცნების“ წევრებმა აისრულეს თავისი ოცნება და ჩემნაირები დარჩნენ, თუ ისინი ეძებენ კვალიფიციურ კადრებს ჩვენ ასეთი ვართ, მერე რა, თუ შევარდნაძის პერიოდში გვიმუშავია. მე ვთხოვდი და მოვითხოვდი, რაღაცნაირად დასაქმება ყოფილიყო და ჩვენ, მებრძოლი ადამიანები გამოვეყენებინეთ.”-აცხადებს ქანთარია ერთ-ერთ ინტერვიუში.

ქანთარია კვლავ გამოჩნდა ფოთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამჯერად, “ქართული ოცნების” კანდიდატის მხარდამჭერად.

აკაკი (გია) დარჯანია 1997-2001 წლებში ფოთის მერი იყო. ამჟამად ის საკრებულოს წევრია. 2012 წელის საპარლამენტო არჩევნებსა და ყველა გასულ არჩევნებში, ის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი უბნის შტაბის უფროსი და კოორდინატორთა ხელმძღვანელი იყო. მანამდე, 2004 წელს, ნაციონალურმა ხელისუფლებამ ის სამოხელეო დანაშაულის ჩადენისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების არაერთგზის გადამეტებისთვის დააკავა.

მის მერობის დროს, ფოთში 180 მგვტ–იანი თბოსადგურის მშენებლობაზე ხელშეკრულება შვეიცარიულ ფირმა «ფინკომიტსა» და საქართველოს შორის დაიდო. ხელშეკრულებაზე ხელმომწერები ამ შემთხვევაში ფოთიდან იყვნენ: ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე მოგელი ტყებუჩავა და ფოთის მერი აკაკი დარჯანია.

მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან «ფინკომიტმა» 150 ათასი აშშ დოლარი მიიღო. მას შემდეგ თბოსადგურის პროექტი არ განხორციელებულა, ხოლო “ფინკომიტთან” დადებულ ხელშეკრულებას ვადა 2002 წელს ამოეწურა.

2006 წელს პროკურატურამ ფოთის საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარე მოგელი ტყებუჩავა დააპატიმრა და ბრალად, საეჭვო გარიგებისა და პროექტის პირველი ეტაპისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის გამო წაუყენა. დარჯანია ამ ეპიზოდშიც ფიგურირებს. ის საპატიმროდან 200 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

2008-2012 წწ. „ფოთის საკათედრო ტაძრის აღდგენის ფონდს“ ხელმძღვანელობდა. ის მიტროპოლიტ გრიგოლთან დაახლოებული პირია.

2014 წლის არჩევნებში ის საკრებულოს წევრი გახდა. მას შემდეგ, რაც ყოფილ საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ზურაბ ფაჩულიას თანამდებობა ზეწოლით დაატოვებინეს, აღნიშნული პოსტი დარჯანიამ დაიკავა. ამჟამად, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ირაკლი ხახუბიას მხარდამჭერია.

კომენტარები