ფოთის კულტურის სახლში, „ქართული ოცნების“ კანდიდატთან, ირაკლი ხახუბიასთან შესახვედრად მიყვანილი ბაღის მასწავლებლები, შეხვედრაზე მისვლის მიზეზად სამსახურის დაკარგვის შიშს ასახელებენ.

„ამას წინათ, გია დარჯანიამ (კანდიდატის საარჩვენო შტაბის წევრი – ავტ.) დაგვიბარა „ქართული ოცნების“ შტაბში. პირველი, რაც გვითხრა იყო ის, რომ თქვენ აქ ძალით არავის მოუყვანიხართო. მერე დაიწყო კანდიდატის ქება, რომელიც შეხვედრაზე თავად არ ყოფილა. გჯერათ, ახლა, რომ შემთხვევით გავიგეთ ამ შეხვედრის შესახებ, დავირაზმეთ და მოვედით? მართალია, ძალით არ მოვუყვანივართ, მაგრამ არც ნებით მივსულვართ. ადგილობრივ საბიუჯეტო დაფინანსებაზე რომ არ ვიყოთ, სულ არ მივიდოდით, მაგრამ რა ვქნათ, სამსახურის და ამ ორი კაპიკის დაკარგვის გვეშინია. რაც მიშას დროს იყო, იგივეა ახლაც, ოღონდ მაშინ უფრო უხეში ფორმებით იყო. თუ იმ დროს საარჩევნო ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღებას გვთხოვდნენ, ახლა უბრალოდ სახლებში რეკავენ და მადლობას გვიხდიან მხარდაჭერისათვის, ვინაა იქედან მხარდამჭერი, ეგ კიდევ სხვა თემაა“განაცხადა TSpress-თან სკოლამდელი დაწესებულების ერთ-ერთმა მასწავლებელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

რესპოდენტმა TSpress-თან იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ თხოვენ და სხვადასხვა უბნის შეხვედრებზეც მიყავთ ისინი. “ხალხს ვერ კრებენ და მერე ჩვენ გვეძახიან. პირველად პრემიერმა რომ წარადგინა, იქაც ჩვენ წაგვიყვანეს. დავუკარით ტაში და გამოგვიშვეს უკან”- ამბობს ის.

დღევანდელი შეხვედრიდან გამოსული ბაღის აღმზრდელები და გამგეები კი ერთხმად აცხადებდნენ, რომ შეხვედრის შესახებ გაიგეს და თავად მოვიდნენ. უმრავლესობამ კამერასთან საუბარი და გაჩერება არ ისურვა და სწრაფად დატოვეს იქაურობა. რამდენიმე ბაღის აღმზრდელს კი სჯერა უკეთესობის და “ქართული ოცნების” კანდიდატის დაპირებების.

“ქართული ოცნების” კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ შეხვედრაზე ბაღის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

„თქვენ ის ადამიანები ბრძანდებით, ვისაც განდობთ ჩვენს შვილებს ისეთ ასაკში, როცა მათ ახალ გარემოში შესვლა უწევთ… ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ეგეთი მასწავლებლები ყავთ ჩვენს შვილებს. მე ვიცი რაღაც პრობლემები არის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩემი არჩევის შემთხვევაში, რომ თქვენ ხელი შეგიწყოთ, გვერდში დაგიდგეთ „- განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

შეხვედრაზე საკრებულო სოციალური კომისიის თავმჯდომარემ, მაია ჩხარტიშვილმა და სკოლამდელი დაწებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მარგო ჯანიაშვილმა კანდიდატის შესახებ ისაუბრეს და მასწავლებლებს ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელი შეახსენეს. მათი თქმით, ეს ყველაფერი აღწერილია გოგა ხაინდრავას ფილმში და ყველა მათგანს მისი ნახვისკენ მოუწოდეს.

„ადამიანი რომელიც მხარს უჭერს მოძალადე და ბოროტმოქმედ ხელისუფლებას, თავადაც არის თანამონაწილე ასეთი ქმედების“- განაცხადა მაია ჩხარტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

შეხვედრაზე სულ სამი საკითხი წამოიჭრა. მე-15 ბაღის დირექტორმა ბაღის შენობის უკან დაყრილი ნაგვისგან გაწმენდა ითხოვა, რაზეც უპასუხეს, რომ გაეცნობიან პრობლემას და გადაჭრიან. ერთმა ქალაქში საავადმყოფოს არქონაზე ისაუბრა და რომ პაციენტები რეანომობილით ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანის ნაცვლად, ზუგდიდსა და ქუთაისში გადაყავთ, რაზეც კანდიდატი და მისი თანმხლები პირები დაეთანხმნენ და მისი გამოსწორების პირობა დადეს. ერთმა მასწავლებელმა კი მისი სურვილი წერილობით გადასცა კანდიდატს და ქალაქში სუნამოების მაღაზიის გახსნა ითხოვა.

ირაკლი ხახუბია, დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფოთის საბავშვო ბაღების გამგეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა კულტურის სახლში გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

კომენტარები