სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აჭარა-გურია-ფოთის რეგიონული კოორდინატორის, მადონა ბერიძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნულ საჯარო მოხელეებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

“არსებულ მასალებზე დაყრდნობით, უნდა გამოვყოთ ორი ფაქტი. ერთი ის, რომ საჯარო მოხელეები არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და მეორე, ის, რომ სავარაუდოდ საუბნო საარჩევნო კომისიებში ხელმძღვანელ პოზიციებზე ასარჩევ პირთა განსაზღვრა წინასწარ მოხდა.

საჯარო მოხელეს აქვს უფლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩართული, თუმცა ამ პერიოდისათვის ის უნდა იმყოფებოდეს საჯარო სამსახურიდან შვებულებაში. აღნიშნულ წესს ადგენს საარჩევნო მოდექსის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საჯარო მოხელე და მასზედ არ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ დადგენილი მოთხოვნები. საუბნო საარჩევნო კომსიის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საჯარო მოხელეს დროებით შეუჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად”- აცხადებს მადონა ბერიძე TSpress- თან საუბრისას.

ბერიძის განცხადებით, ,,სამართლიან არჩევნებს“ მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი აქვს შვებულებებთან დაკავშირებულ ინფორმაცია, რის საფუძველზეც გახდება ცნობილი, ქონდა თუ არა ადგილი დარღვევას.

ბერიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც საჯარო სამსახურებში მუშაობენ, არ იმყოფებიან შვებულებაში, სახეზე იქნება საუბნო საარჩევნო კომისიების ამ წევრების მიერ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, რაც დისიპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

კანონისმიერი შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად ამ სტატუსის მატარებლები არიან საჯარო სამსახურში.

“რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებში ხელმძღვანელ პოზიციებზე ასარჩევ პირთა წინასწარ განსაზღვრას, თუკი ეს იყო რეალურად იმ შენობაში შეკრების მიზეზი, სავარაუდოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევასთან გვაქვს საქმე. მთლიანობაში კი ეს პროცესები ე.წ. „პროფესიული ნიშნით“ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიუკერძოებლობასა და პირველ სხდომებზე საუბნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით აჩენს ეჭვებს. ამის თქმის მყარ საფუძველს მოგვცემდა ის, თუკი იარსებობს ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ,,სამართლიანი არჩევნები“ ამ ფაქტს დეტალურად სწავლობს და მოგვიანებით მივაწვდით საზოგადეოებას შეფასებებს.”- აცხადებს სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი.

ამავე თემაზე:

ენმ საარჩევნო კამპანიაში ფოთელი საჯარო მოხელეების უკანონოდ მონაწილეობის ფაქტს ასაჯაროებს [Video]

კომენტარები