ნიკო ნიკოლაძე ფოთის ქალაქის თავად 1894 წელს იქნა არჩეული და 1912 წლამდე, ოცი წელი მართავდა. მისი მმართველობის პერიოდში, ჭაობიანი პატარა დასახლება დიდი პერსპექტივების მქონე სანავსადგურე ქალაქად გადაიქცა. აი, რა წერია მის წინასაარჩევნო პროგრამაში და რა შესრულდა მისი ქალაქის მერობისას:

1. არხით შეერთება რიონისა პორტთან

2. რკინიგზის საქონელზე ბაჟის დადება

3. საავადმყოფოს დაარსება

4 . ქალაქის საზოგადო ბანკის გახსნა

5. სამასწავლებლო ინსტიტუტის დაარსება

6. სამასწავლებლო სემინარიის

7. სამეურნეო და საოჯახო სკოლის

8. პორტის შიდა აუზის შეერთება მდინარე კაპარჭინასთან, სუფსასთან და ხობის წყალთან არხების გაყვანით

9. გემების გამყვან-შემყვან ბუქსირიანი ორთქმავლის შეძენა

10. რიონის მომზადება შავი და აზოვის ზღვების სადგომათ ზამთარში

11. წყალვარდნილების ხმარება ელექტრონის საშოვრათ, პორტისა და ქალაქის სანათად და მანქანების საძრავად

12. მანქანებისა და მოტორიანი ნავების შეძენა მდინარეებზე და მდინარეებზე და შენაკადებზე სახმარად

13. გადასატან-გადმოსატანი რკინიგზების მოწყობა სილისა და მიწის საზიდავად ქალაქის დასაშრობად

14. ფოთის გარშემო ადგილების დაშრობა და ნაჭერ-ნაჭრათ გაყიდვა ფერმების გასამართავად

15. კურორტის გამართვა ზღვასა და პალიასტომს შუა

16. სახალხო სახლისა და თეატრის გაშენება

რა შესრულდა:

ნიკო ნიკოლაძის მიღწევები ფოთში

1. წყალდიდობისაგან აკლებულ ფოთს ულმობელ სტიქიისგან შველა ესაჭიროებოდა, ამისათვის ქალაქს ირგვლივ ჯებირი შემოავლო და ახლა წყალი ისე თავისუფლად ვერ დასეირნობს ქუჩებში, როგორც წინათ.

2. შავს ვარსკვლავზე დაბადებული პოეტი მკვდრეთით აღდგენას ლამობდა და გააცოცხლა ნავსადგურის განახლებით, ფოთსა და საქართველოს დიდი სარგებლობა მოუტანა, ევროპა დაგვიახლოვა, აღებ-მიცემობა გააძლიერა

3. გადაჭიმა სამი ხიდი, რომელთაგან ორი ქალაქსა და დიდ კუნძულს ერთმანეთთან აერთებს, მესამე ფოთელების მასაზრდოებელ გურიასთან

4. ახალი ხიდების აგებით გააუქმა მდინარე მალთაყვაზე და რიონზე ნავებით გადასაყვან-გადმოსაყვანი უზომო გადასახადი, გაჭირვებული ხალხის შემავიწროებელი

5. მოსპო ძველ რკინის ხიდზე დაწესებული ბაჟი

6. ააშენა ელექტრონის სადგური, რომელიც პორტსა და ქალაქს ანათებს

7. გააბა ტელეფონის ქსელი, რომლის ბოძებიც პატარა კეკლუც პატარძალივით ქუჩებს ამშვენებს

8. გააკეთა, ნაცვლად დახავსებულ სამოქალაქო და სახელოსნო სასწავლებლის ხის სახლებისა, ლამაზი აგურის ორსართულიანი შენობები, რომელსაც მხარს უმშვენებენ ახლად დაარსებული ქალებისა და ვაჟების გიმნაზიის ქვის შენობები და სხვა სკოლები

9. უხერხულ ადგილას მოთავსებული სავაჭრო მოედანი გადაიტანა მოხერხებულ ბინაზე, სადაც გაშენებულია გადახურული ბაზარი და სასწორი, იქვე გაკეთებულია ოთხი ქვის დუქანი და სხვა

10. მოაწყო სასაკლაო და ორი წყლის ამოსაღები გენებიკის სისტემისა, რომლებიც მაცხოვრებლებს სუფთა წყალს აწვდის

11. განაახლა ქალაქის კოშკი და მის გვერდით ამართა უზარმაზარი ეკლესია ბიზანტიის სტილზე, რომელიც თავის აგებულობით იპყრობს მნახველთა ყურადღებას

12. მოუპოვა სამკურნალოს და პოლიციას საკუთარი ბინა

13. მოაწყო ცხენის რკინიგზის ლიანდაგი

14. ნავსადგურში მიმავალი ქუჩების მოკირწყვლა და სხვა გზატკეცილების გაყვანა თუ ძნელად ოცნებაში არსებობდა, ეხლა სინამდვილე გახდა

15. ქალაქის განაპირა ადგილების (ჩოჩხათის აგარაკის) შეძენა ბანკიდან

16. საქონლის საწყობების გამართვა პორტსა და ელევატორში

17. ნახევარკაპიკიანი საფუთო გადასახადის დაარსებას ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ფინანსებისთვის, რომ მისი წყალობით სულდგმულობს ადგილობრივი კულტურული დაწესებულებანი.

წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – „ნიკო ნიკოლაძე 150 საიუბილეო კრებული

კომენტარები