მხოლოდ ერთი კანდიდატია წარდგენილი საინიციატივო ჯგუფიდან, ხოლო დანარჩენი პარტიებიდან და მოძრაობებიდან.

1. N42 საინიციატივო ჯგუფი – ლაშა შამათავა

2. N26 „ეროვნული ფორუმი“ – ოთარ ხაჩილავა

3. N 6 „ უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“- ლელა ებრალიძე

4. N25 პ/მ „მემარცხენე ალიანსი“ – კონსტანტინე გუგუშვილი

5. N20 „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“ – აკაკი სანიკიძე

6. N27 „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ – თენგიზ ჩაკვეტაძე

7. N 5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ბექა ბასილაია

8. N1 „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ – კონსტანტინე კემულარია

9. N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ირაკლი ხახუბია

10. N2 მოძრაობა „თქვენთან, თქვენთვის, თქვენთან ერთად“ – ზაზა მჟავია

11. N14 „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის“ – ლაშა ქოიავა

12. N8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ფრიდონ კვარაცხელია

13. N23 საქართველოს ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია“ – ზაზა შალამბერიძე

14. N10 „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – ზურაბ ლომია

15. N28 „ზვიადის გზა – უფლის სახელით“ – იზოლდა გრიგოლია

კანდიდატები მედიასთან ურთიერთობისგან თავს იკავებენ. მხოლოდ 8 მათგანს აქვს საარჩევნო კამპანია ამ ეტაპისთვის დაწყებული, სხვებს ჯერჯერობით ოფისებიც კი არ აქვთ გახსნილი და მათი ოფიციალური გვერდები სოციალურ ქსელებშიც არ იძებნება.

კანდიდატები მოკლე კომენტარებსა და მოსახლეობასთან შეხვედრებში, ძირითადად, არარეალურ დაპირებებს იძლევიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ბექა ბასილაია ამომრჩეველს დასაქმების პრობლემის გადაჭრას, ფინანსური პოლიციისა და სუს-ის გაუქმებას ჰპირდება.

„ეს ქალაქი უნდა დავძრათ დიდი და ნათელი მომავლისკენ, ოღონდ, ეს მომავალი არ არის შორეული. ჩვენ უახლოეს ერთ წელიწადში შევძლებთ, რომ დასაქმების პრობლემა გადავჭრათ. ძირითადი ნაწილი ადამიანებისა, ვისაც აქვს შრომის უნარი და სურვილი, დასაქმდებიან და სამუშაო ადგილებს იპოვნიან“, – აცხადებს ბასილაია.

„ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი თენგიზ ჩაკვეტაძე ფოთელებს 300 ლარიან პენსიას, საბანკო ვალების რესტრუქტურიზაციასა და გადავადების დაპირებას აძლევს: “ჩვენ ფოთელებს ვპირდებით: პენსიების 300 ლარამდე გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის წნეხიდან გათავისუფლებას, ბიზნესის ეკონომიკურ ადმინისტრირებას, იპოთეკართა და საბანკო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციას და გადავადებას”.

პარტია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი კოტე კემულარია ფოთის შესახებ „სპეციალური კანონის“ მიღებას აპირებს. მისი განცხადებით, ფოთს უნდა ჰყავდეს „პატრონი“ და მისი ბიუჯეტი ძირითადად ადგილობრივი შემოსავლებით შეივსოს.

„ფოთი 60 მილიონს აგზავნის ცენტრალურ ბიუჯეტში და მერე 12 მილიონს იხვეწება. 28-29 მილიონი სჭირდება ქალაქს ადგილობრივი შემოსავალი და ფოთი ამას იმსახურებს, “ – აცხადებს კემულარია.

„რესპუბლიკელების“ კანდიდატი ლელა ებრალიძე კი, ფოთელების დაკარგული ღირსების აღდგენასა და ქალაქიდან გადინებული ინტელექტუალური პოტენციალის უკან დაბრუნებას აპირებს: „პირველ რიგში, ფოთელების ღირსების აღდგენა უნდა დაიწყოს. ეს ღირსება შეიცავს ყველაფერს ამ ქალაქში. დაწყებული საქმიანობის სფეროდან, მოქალაქეობრივი პოზიციით დამთავრებული. ეს არ არის განყენებული თემა, ამაში მოიაზრება, თუნდაც, ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება. იმ ახალგაზრდებისა, რომლის დიდი ნაკადი გაედინება. მაქსიმალურად ვეცდები, ფოთის ინტელექტუალური პოტენციალის უკან დაბრუნებას”.

საინიციატივო ჯგუფიდან წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატ ლაშა შამათავას სურს, რომ ქართველმა ერმა დაიკავოს ღირსეული ადგილი სხვა განათლებულ ერებს შორის.

„ნოოლოგიით კონცეპტუალურად და ფუნდამენტურად არის გადაწყვეტილი საქართველოს უსაფრთხოების პრობლემა: აღმოჩნდა, რომ ქართველებს შეგვიძლია გავითვალისწინოთ რუსების ინტერესები ისე, რომ არ მოხდეს ამერიკელების ინტერესები უარყოფა.

რა როლზეა საუბარი? – აღმოჩნდა, რომ ქართველი ერის საკაცობრიო როლია, სხვა ტიპის ერთა შორის თანხმობის პროცესების ინიცირება. ზემოხსენებული როლი, ქართველი ერისთვის არის უალტერნატივო და სანამ საქართველო არ გახდება ამ როლის შემსრულებელი, ძლიერი ეროვნული სახელმწიფოს აშენების თეორიული შანსებიც არ გვექნება,“- აცხადებს კანდიდატი.

„ქართული ოცნების“ ფოთელი კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხალხს მისი არჩევის შემთხვევაში, ასეთ დაპირებას აძლევს:

„ქალაქში არ უნდა იყოს სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მოქალაქე ფოთს არ უნდა ჰყავდეს!… დაწყებულია მალთაყვის პროექტი, ვითარდება ინფრასტრუქტურა, შევქმნით ისეთ ბიზნესგარემოს, რომ მოვიზიდოთ ინვესტორები… გაჩნდეს დამატებით სამუშაო ადგილები… ხელს შევუწყობთ კერძო სექტორის განვითარებას, რომ თქვენი ოჯახის წევრებიდან ერთი მაინც დასაქმდეს. ფოთი არის პროგრესის ქალაქი, ზღვიდან იწყება ყველაფერი. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ფოთი ტურისტული ქალაქი გახდეს. ფოთს უნდა ჰქონდეს საავადმყოფო, სტადიონი, საცურაო აუზი… მოხუცებს უნდა შევუქმნათ ისეთი მომავალი, რომ ბედნიერი სიბერე ჰქონდეთ. რასაც შეგპირდებით აუცილებლად შეგისრულებთ, “- აცხადებს კანდიდატი.

მოუცლელობის მიზეზით მედიასთან კონტაქტს თავს არიდებს „ეროვნული ფორუმის“ კანდიდატი, ოთარ ხარჩილავა. იგი ამომრჩევლებს ქალაქის ცენტრის მოწესრიგებას, ინფრასრუქტურული სამუშაოების დაწყებასა და სანაპირო ტერიტორიების გაკეთებას ჰპირდება: „თუ 8 ოქტომბერს შემოხაზავთ ნომერ 26-ს, თქვენს თავს ვფიცავარ, ხაზავთ დამოუკიდებელ ქალაქს, დამოუკიდებელ თვითმმართველობას, თქვენი შვილების უკეთეს მომავალს და განვითარებას! დიდი მადლობა!“ – აცხადებს იგი.

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ფრიდონ კვარაცხელია რამდენიმე დღის წინ დასახელდა. მას საარჩევნო კამპანია ჯერ პრაქტიკულად არც დაუწყია. მან საარჩევნო კამპანია ლიბერალების კრიტიკით დაიწყო და ერთ-ერთ კომენტარში ისინი „ლიბერსატებად“ მოიხსენია. „ლიბერალიზმი ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არ არის მიზანშეწონილი. ცოტა უფრო მეტად კონსერვატორები უნდა ვიყოთ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქართველობა, ჩვენი მეობა, ტრადიციები. ჩვენ ვართ ჩვენი ერის და სარწმუნოების დამცველები. თუ პარლამენტში მოვალ, არავითარ შემთხვევაში არ მოვაწერ ხელს, ერთსქესიანთა ქორწინებას“.- აცხადებს კვარაცხელია. მისი თქმით, წინამორბედი მაჟორიტარებისაგან განსხვავებით, ყოველთვის ექნება მოსახლეობასთან შეხვედრა. „მათ ჭირ-ვარამს, ტკივილსა თუ საჭიროებებს გავიზიარებ და რისი გაკეთება მერიას და თვითმმართველობას შეეძლება, კონტროლს აუცილებლად გავუწევ“ – პირდება ის ამომრჩევლებს.

პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით. ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ხშირად, ამომრჩეველი თვითმმართველობის ფუნქციებს პარლამენტის დეპუტატს ავალებს. ეს პირველ რიგში, არაინფორმირებულობით და სწორედ, იმ დაპირებებითაცაა გამოწვეული, რასაც პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები გასცემენ არჩევამდე. გზის დაგება, მოხრეშვა, სახურავის გადახურვა, ნაგვის გატანა, ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგება და ა.შ. – ეს ფუნქციები თვითმმართველობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში შედის და არა პარლამენტის.

სამართლიანი არჩევნების კონსულტანტი ნინო ლომჯარია – “დაპირებებს იძლევიან ისეთ საკითხებზე, რაც მათ კომპეტენციაში არ შედის და უფრო თვითმმართველობის კომპეტენციაა. ეს ალბათ ის ერთ-ერთი ხარვეზია, რაც მაჟორიტარულ სისტემას ახასიათებს.

მაჟორიტარი დეპუტატი არ არის კონკრეტული ოლქის წარმომადგენელი, ის არის მთელი საქართველოს წარომამდგენელი. გარდა ამისა, მის კომპეტენციაში შედის სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაში მონაწილეობა, მას არ შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებში, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის გადასაწყვეტი. ერთი მხრივ, ამ დაპირებებით, რა თქმა უნდა, შეცდომაში შეყავთ ამომრჩეველი და, მეორე მხრივ, ცრუ მოლოდინებს აჩენენ ზოგადად სამომავლო საქმიანობის მიმართ. ამომრჩეველსაც შემდგომ შესაბამისი პრეტენზიები უჩნდება დეპუტატთან, რადგან მათ მიიღეს ისეთი დაპირებები, რომლის შესრულებაც, ხშირ შემთხვევაში, მაჟორიტარს ნამდვილად არ შეუძლია.“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

კომენტარები