რუსთავი2-ზე გიორგი გაბუნიას გადაცემა „არჩევანში“ TSpress-ის რედაქტორმა, ელისო ჯანაშიამ კითხვა, ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს დაუსვა.

TSpress: ქალბატონო სანდრა, მინდა დავიწყო თქვენი ციტატით, რომელიც თქვენ წარდგენისას ბრძანეთ სამეგრელოში, რომ ძალადობის განმეორება არ გვექნება, მიშას თვალებში ჩავხედე და არაფერი ცუდი არ მოხდება. ეს არის აღიარება იმისა, რომ იმ პერიოდში ძალადობა იყო. მე მაინტერესებს, იცოდით თუ არა თქვენ, როცა იყავით პირველი ლედი, რა ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ძალადობის და ადამიანის უფლებების შელახვის კუთხით და რა გარანტიას გვაძლევთ, თქვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, იგივე არ განმეორდება – ეს არის მიშას თვალები?

სანდრა რულოვსი: (იცინის) გასაგებია კითხვა. რათქმაუნდა ვიცით, რომ ჩვენი მმართველობის დროს ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის ნაკლებობა იყო, ეს არის დიდი ნაკლი. ჩვენ ეს გავაანალიზეთ, ძალიან კარგად ვიცით, როგორ შეიძლება ამისი აღმოფხვრა, ჩვენ ვთავაზობთ ძალიან რეალისტურ პროგრამას, სასამართლოს რეფორმას მაგალითად…“

TSpress : „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იყო ეს რეფორმა?

სანდრა რულოვსი: პოლიტიკური სარჩული, რასაც აქვს სუს-ი და რაც აქვს პოლიციას, რომ მოვხსნათ საერთოდ, ეს ხალხის დაპირისპირება. რაც არის დღეს საერთოდ გაქრეს, აქედან იწყება ყველაფერი…

TSpress : მე არ მიმიღია უბრალოდ პასუხი, თქვენ იმ დროს იცოდით თუ არა ამის შესახებ, რაც მაშინ ხდებოდა? თუნდაც სტრასბურგში 2013 წლის მონაცემებით 2400 სარჩელი იყო შეტანილი და აქედან 80% იყო წამება, ძალადობა, არაადამიანურ მოპყრობასა და დევნაზე. ეს არის სტატისტიკა, რომელიც არსებობს…

სანდრა რულოვსი: ბექა ბასილაია გიპასუხებთ ამაზე…

TSpress: მე არ მაქვს ბექასთან კითხვა, ვეკითხები ქალბატონ სანდრას, რადგან ის იყო პირველი ლედი და მაინტერესებს იზიარებს თუ არა იმ პასუხისმგებლობას… კიდევ ერთი რაღაც, მინდა რამდენიმე დეტალი ვთქვა აქვე, მათქმევინეთ მაგალითი…

სანდრა რულოვსი: დიახ, მე ამიტომ შევედი პოლიტიკაში, რომ ზემოქმედების ბერკეტები მქონდეს, რათქმაუნდა, მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ საქართველოსი და მეც თვალები და ყურები მაქვს… მე ჯანდაცვის სამინისტროში გავიგე რაღაც-რაღაცეები, რაც არ მომეწონა, და მე აუცილებლად ვეტყოდი ჩემს მეუღლეს…

TSpress: ეუბნებოდით?

სანდრა რულოვსი: რათქმაუნდა ვეუბნებოდი და თქვენ, თქვენი მეუღლე ყოველთვის გისმენთ?

TSpress: გასაგებია… თქვენ ბრძანეთ, რომ პასუხისმგებლობას არ იღებთ და საბოლოოდ, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას?

სანდრა რულოვსი: ამიტომ შევედი პოლიტიკაში, რომ მქონდეს ბერკეტები, მქონდეს ძალა, მშვიდი ძალა, ჩემს ძალიან ბევრ დეპუტატთან ერთად სამეგრელოდან, რომ ეს ქვეყანა სწორ, პროგრესულ გზაზე ისევ დავაბრუნოთ, იმიტომ რომ ეხლა ვართ, არ ვიცი სად…პატრონი არა ყავს ამ ქვეყანას…

TSpress: და როცა 2011 წელს ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ბიუჯეტიდან ჩაირიცხა თქვენი შვილის სწავლის საფასური 5900 ლარი, როცა ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში სწავლის საფასური 14000 ლარი ჩაირიცხა ასევე პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან, როცა პოლონეთში იმოგზაურეთ 2012 წელს, თქვენი წიგნის პრეზენტაციაზე, ასევე 2012 წელს, 20 ივლისიდან 4 აგვისტომდე, დაიხარჯა 26000 ლარამდე მხოლოდ თქვენს ვოიაჟზე…. 26000 ლარი არის 5 წლის პენსია ადამიანის. როცა ახლა ხედავთ ამ პრობლემებს, ხედავდით თუ არა მაშინ, მაინტერესებს?

სანდრა რულოვსმა კითხვაზე პასუხის გაუცემლობის მიზეზად დროის ამოწურვა დაასახელა, თუმცა მისთვის გამოყოფილი სხვა დრო გადაცემაში ამ კითხვაზე პასუხისთვის არ გამოუყენებია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობისას უმცროსი ვაჟის, ნიკოლოზ სააკაშვილის სწავლის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ხარჯების ამსახველ დოკუმენტებში.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, 2011 წლის 1 ნოემბერს მისი ერთი წლის სწავლის გადასახადი ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში, 5900 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარა.

უფროსი შვილის, ედუარდ სააკაშვილის ამერიკულ აკადემიაში 2010-2011 წლის სწავლის საფასურიც (14.000 ლარი) პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდანაა გადახდილი.

გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, სანდრა რულოვსი 2012 წელს 20 ივლისიდან – 4 აგვისტომდე აშშ-ში რამდენიმე შტატში იმყოფებოდა. 15298.18 აშშ დოლარი მისი სასტუმროს ხარჯისთვის, ხოლო შიდა მგზავრობის, კვების და სხვა ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4116.56 აშშ დოლარი იქნა გადახდილი.

პრეზიდენტის შვილისთვის, ედუარდ სააკაშვილისთვის 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაყიდია 14942.7 ლარის ღირებულების ავიაბილეთები.

ასევე, 2012 წლის 12 აპრილს, სანდრა რულოვსის უმცროსი ვაჟისთვის მაღაზია “სამოსელი პირველისთვის” 1190 ლარია გადახდილი სვანური ჩოხისა და მისი აქსესუარებისთვის, ხოლო ხელნაკეთი სუვენირი თოჯინისთვის -700 ლარი.

2012 წელს პრეზიდენტის ოჯახის წევრების ავიაბილეთების შეძენასა და ქართული ჩოხისთვის ბიუჯეტიდან სულ 26793 ლარია დახარჯული.

კომენტარები