საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა სამუშაო დროს და საუბნო კომისიის თამჯდომარეების წინასწარი დანიშვნა

რამდენიმე დღის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა წარმომადგენლობამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ შედიან ერთ-ერთ შენობაში საჯარო მოხელეები და # 61 ფოთის საარჩევნო ოლქის საუბნო კომისიების წარმომადგენლები სამუშაო საათებში. „ნაციონალების“ განცხადებით, მათ მიიღეს დირექტივები, თუ როგორ გააყალბონ არჩევნები, ასევე შეხვედრაზე უბნის თავმჯდომარეები წინასწარ დანიშნეს.

საუბნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, პრეტენზიები სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც აქვთ. როგორც ისინი აცხადებენ, საუბნო კომისიების წევრთა უმრავლესობა მოქმედი საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა.

როგორც ვიდეომასალიდან ირკვევა, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: დამოუკიდებელი წევრები #3 უბნიდან: ირმა თუნთია, ლეილა ბერაია, ინგა ხურცილავა, ინგა ბერულავა; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს წარმომადგენელი #3 უბნიდან: ბესიკ არჩაია; დამოუკიდებელი წევრები #7 უბნიდან: ვასილ რუსიძე, ბელა ბრეგვაძე, ლელა კიღურაძე; დამოუკიდებელი წევრები #10 უბნიდან: ირმა ზარქუადა ბელა ბოკუჩავა; დამოუკიდებელი წევრები #12 უბნიდან: ზოია ესებუა, ლეილა ბოხუა; მგს-ს წარმომადგენელი #12 უბნიდან: რაისა უჩანეიშვილი; მგს-ს წარმომადგენელი #15 უბნიდან: ნონა ყუფარაძე , ერმილე სტურუა; დამოუკიდებელი წევრები #15 უბნიდან: ლალი დაგაგრგულია, ელისო ჩაჩუა, ბუტა ნაცვლიშვილი.

ასევე მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ზვიად შუბითიძე და სხვა საჯარო მოხელეები: თემურ დუნდუა, თენგიზ დუნდუა, ნიკა კორშია, ფოთის საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ნაციონალების დროს, გაყალბებაში არაერთხელ მხილებული, ამჟამად, საჯარო მოხელე ზაალ კუჭუხიძე. ამ უკანასკნელმა, შენობაში ყოფნა შემდეგი არგუმენტით ახსნა: „დედაჩემს ქონება აქვს იქ. დარაჯს ვთხოვე აეჭედა კარები „კარდონით“ და გაელამაზებინა, რადგან ნაგავი იყო შეყრილი“.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აჭარა-გურია-ფოთის რეგიონული კოორდინატორის, მადონა ბერიძის განმარტებით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნულ საჯარო მოხელეებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ორგანიზაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ფოთის მერიიდან ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.

„საჯარო მოხელეს აქვს უფლება, იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩართული, თუმცა ამ პერიოდისათვის ის შვებულებაში უნდა იმყოფებოდეს ” – აცხადებს ბერიძე.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც საჯარო სამსახურებში მუშაობენ, არ არიან შვებულებაში, სახეზე იქნება, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, რაც დისიპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

darrvevebi

ურთიერთბრალდებების ამსახველი ფოტოკოლაჟი

„რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებში ხელმძღვანელ პოზიციებზე ასარჩევ პირთა წინასწარ განსაზღვრას, თუკი, ეს რეალურად იყო იმ შენობაში შეკრების მიზეზი, სავარაუდოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევასთან გვაქვს საქმე. მთლიანობაში კი, ეს პროცესები ე.წ. „პროფესიული ნიშნით“ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიუკერძოებლობასა და პირველ სხდომებზე საუბნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით აჩენს ეჭვებს.

,,სამართლიანი არჩევნები“ ამ ფაქტს დეტალურად სწავლობს და მოგვიანებით საზოგადეოებას შეფასებებსაც მივაწვდით,”- აცხადებს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი, მადონა ბერიძე.

„ნაციონალური მორაობის“ საჩივარი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაზე მყოფი წევრების ჩანაცვლებას ეხებოდა, ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.

ვინ არიან ზვიად შუბითიძე და ზაალ კუჭუხიძე –მცირე ინფორმაცია ფოთში არჩევნების გაყალბების ისტორიიდან

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მერის ადმინისტრაციის ამჟამინდელი უფროსი, ზვიად შუბითიძე მისი ხმების გაყალბებაში სწორედ საოლქოს იმჟამინდელ თავმჯდომარეს, ზაალ კუჭუხიძეს სდებდა ბრალს. შუბითიძე იმ უბნის მონაცემების გადათვლას ითხოვდა, სადაც მისმა წარმომადგენელმა ცაირელ ოქმს ხმების დათვლამდე მოაწერა ხელი და უბანი ადრე დატოვა, რის შემდეგაც ოქმის მონაცემები გადაკეთდა.

საოლქოს იმჟამინდელმა თავმჯდომარემ, შუბითიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა და უბნის მონაცემები, რომელმაც არჩევნების შედეგი გადაწყვიტა კიდეც, არ გადაათვლევინა. „შენ გინდა 12 „უდანაშაულო“ ადამიანი ციხეში გაუშვან?“- ეს არგუმენტი ჰქონდა იმ დროს საოლქოს თავმჯდომარეს.

ზაალ კუჭუხიძემ ამავე არჩევნებში სიტყვიერი შეურაცხყოფითა და პოლიციის ძალით უბნიდან გაძევებით აიცილა ყალბი პირადობების გამოყენების ფაქტების გადამოწმება, რაზეც მოგვიანებით ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა და საჩივარი პროკურატურაშიც გაიგზავნა, თუმცა, უშედეგოდ.

„ქართული ოცნების“ ფოთელი კანდიდატის ჩამოხეული პლაკატები

ფოთში, რუსთაველის რკალზე, უცნობმა პირებმა “ქართული ოცნების” კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას თითქმის ყველა პლაკატი ჩამოხიეს, მის გვერდზე გაკრული “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, ბექა ბასილაიას პლაკატები კი, ხელშეუხებელი დატოვეს.

“მეორე დღესვე დაიწყეს ჩამოხევა. ყოველთვის ვტოვებთ პლაკატებს შორის ადგილებს, რომ სხვებსაც მიეცეთ გაკვრის საშუალება. რა თქმა უნდა, პროვოცირებულია ოპოზიციური პარტიების მიერ და ალბათ, საპასუხო რეაგირებას ელოდებიან, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მათივე მეთოდებით პასუხის გაცემას. კონკრეტულ პარტიას ვერ დავასახელებთ, რადგან არ გვქონია მონიტორინგი, მაგრამ დღეიდან, ჩვენი სპეციალური ჯგუფები დაიწყებენ მონიტორინგს, ადგილზე გამოვავლენთ კანონდამრღვევებს და ძალიან მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი”- აცხადებს „ქართული ოცნების” კანდიდატის წარმომადგენელი კატო ჩულაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლებისთვის სუფრების გაშლაში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციამ გაავრცელა ფოტო, სადაც აღბეჭდილია კორპუსის ეზოში გაშლილი სუფრა, ხოლო სუფრასთან ზურგით ჩანს მამაკაცი “ქართული ოცნების” მაისურით.

ორგანიზაციის ადგილობრივი თავმჯდომარის, ვახტანგ დარცმელიძის მტკიცებით, ის “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მოსახლეობის მოსაყვანად გაშალეს.

“ქართული ოცნების“ შეხვედრაზე ხალხი არ გამოვიდა, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კი, სუფრა გაშალეს და მსგავსი მეთოდებით ცდილობენ მოსახლეობის გულის მოგებას”- წერია ენმ-ს ფოთის ორგანიზაციის ფეისბუქ-გვერდზე.

“ქართული ოცნების” კანდიდატის წარმომადგენელი კატო ჩულაშვილი აღნიშნულ სუფრასთან კავშირს უარყოფს.

„ეროვნული ფორუმის“ ფოთელი კანდიდატი მოსყიდვასა და მუქარაშია მხილებული

„მე ყველას ვეუბნები, 8 ოქტომბერს ძველი კადრები დატოვებენ მერიის შენობას და მიდიხართ თქვენ, თქვენი ქალაქის ასაშენებლად, მოემზადეთ სამსახურებისთვის, მიყვარხართ“ – ასე მიმართა „ფერების ფესტივალზე“ შეკრებილ ახალგაზრდებს „ეროვნული ფორუმის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ ხარჩილავამ.

„ფერების ფესტივალზე“, რომელიც ფოთში „ეროვნული ფორუმის“ ორგანიზებით გაიმართა, უფასოდ დარიგდა ფერადი ფხვნილები, პირო (ფერადი კვამლი), ასაყრელი ფანტელები და ბუშტები.

აღნიშნული ფაქტი მოსყიდვად შეაფასა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და შემთხვევის შესასწავლად და კანონით გათვალისწინებული ზომების მისაღებად, აუდიტის სამსახურსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა.

„აქ ორი მხარეა აღსანიშნავი, პირველი: ეს შეიძლება ჩავთვალოთ კამპანიის ნაწილად, გვინახავს უამრავი მაგალითი, როგორ არიგებენ პარტიები კალმებს, მაისურებს, სადაც პარტიის ან მაჟორიტარი კანდიდატის სახელებია ამოტვიფრული, მაგრამ, როდესაც საუბარია კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად გამიზნულ რაღაც ტიპის მომსახურეობაზე, შეღავათიან ფასში, ან უფასოდ, რაიმე ნივთის გადაცემაზე, ჩუქებაზე, რაც გარკვეულ ზღვარს სცდება, ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა,“- აცხადებს სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ინტერესდება იმითაც, თუ რა მიზეზით აპირებს „ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარი კანდიდატი მერიიდან „ძველი კადრების“ გათავისუფლებას, როდესაც საკადრო პოლიტიკა არ შედის მის კომპეტენციაში, თუნდაც ის დეპუტატი გახდეს.

„მსგავსი ტიპის განცხადება და დაპირება უხერხულია. კადრების დანიშვნა და მოხსნა მთლიანად ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა და ეს უნდა იყოს დეპოლიტიზებული. ვერ ექნება ეს ფუნქცია მაჟორიტარს და თუ კანდიდატი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს მხოლოდ მის არაინფორმირებულობაზე მიუთითებს. შევისწავლით ამ საკითხს და კანონდარღვევის ფაქტების გათვალისწინებით მივმართავთ შესაბამის ზომებს.“ – აცხადებს მიხეილ ბენიძე.

თავად „ეროვნული ფორუმის“ კანდიდატი კომენტარს არ აკეთებს: „არასოდეს არ მივცემ TSpress-ს კომენტარს“ – განაცხადა მან.

ფოთის საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია TSpress-თან აცხადებს, რომ საოლქოსთვის დარღვევების შესახებ არავის მიუმართავს და სხვა შემთხვევაში, მათ არ აქვთ რეაგირების ვალდებულება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ერთი მანდატისთვის ფოთიდან 15 კანდიდატი იბრძვის.

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

კომენტარები