საარჩევნო კამპანია ფოთში, ერთი შეხედვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ურთიერთბრალდებებმა და საპროტესტო განცხადებებმა იმატა. კანდიდატები კი საუბრობენ ცალკეულ დარღვევებზე – თვალთვალსა თუ მოსყიდვის ფაქტებზე, თუმცა, ჯერჯერობით, ცესკო-სა და ფოთის საოლქო კომისიაში, ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი საჩივარი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა შეტანილი.

მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა, კანონმდებლობით, კანდიდატის რეგისტრაციიდან მოსხნას ითვალისწინებს, ამომრჩევლის მოსყიდვაში მხილებული „ეროვნული ფორუმის“ კანდიდატის, ოთარ ხარჩილავას წინააღმდეგ საჩივარი ჯერ არავის შეუტანია.

კანდიდატები თვალთვალის შესახებ და სახელისუფლებო კანდიდატის მიერ მიწერილი მუნიციპალური სამუშაოები

ყველაზე მეტად ნაციონალების კანდიდატი აქტიურობს. ის უბან-უბან და კარდაკარ დადის მოსახლეობასთან შესახვედრად. აქვს რუსთავი 2-ის მხარდაჭერა და მას ხშირად იწვევენ თოქ-შოუებში.

მოსახლეობასთან შეხვედრების სიხშირითა და მეტ-ნაკლებად აქტიური კამპანიით გამოირჩევიან ასევე: „ეროვნული ფორუმის“ კანდიდატი ოთარ ხარჩილავა, „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ლელა ებრალიძე, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი თენგიზ ჩაკვეტაძე, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ფრიდონ კვარაცხელია და „ლეიბორისტების“ კანდიდატი ზურაბ ლომია.

„ეროვნული ფორუმი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თვალთვალის შესახებ განცხადებას აკეთებენ. „ოფისის წინ მუდმივად დგანან დაბურულმინებიანი ავტომანქანები და გვითვალთვალებენ. ისინი გადაადგილების დროსაც უკან დაგვყვებიან. თავს ძალიან უსაფრთხოდ ვგრძნობთ“ – ხუმრობენ კიდეც ისინი, თუმცა ავტომანქანების ფოტო-ვიდეომასალა მათ არ წარმოუდგენიათ.

მოსახლეობასთან შეხვედრებს „ქართული ოცნების’ კანდიდატი ირაკლი ხახუბიაც მართავს, თუმცა მოსახლეობის დასწრება დაბალია, ამიტომ სხვადასხვა უბანში შეხვედრებზე მისი თანმხლები პირები სჭარბობენ. მას თან დაყვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ფოთის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სამუშაოებს აცნობენ მოსახლეობას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული აქტივობები კანდიდატის გაკეთებულ საქმეები ჰგონია და შესაბამისად, მათ უბანში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურით სამუშაოებს მას თხოვს.

რამდენიმე დღის წინ, მოქალაქეებს SMS-ები ფოთის მერიიდან მიუვიდათ, რომელიც მათ ტერიტორიაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იტყობინებოდა. აღნიშნულ ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამოეხმაურა:

„განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სულ ცოტა დრო არის დარჩენილი, შეიძლება აღქმული იქნას, როგორც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველზე პირდაპირი გავლენის მცდელობა; მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში არ არის მოწოდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ცხადია, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბარი ირიბად მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს, მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მსგავსი სერვისის გამოყენება მხოლოდ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდის დასასრულს დაიწყეს.

კითხვის ნიშნებს იწვევს თავად ამ შეტყობინების მიმღებთა პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობაც: მუნიციპალიტეტებს არ განუმარტავთ, რა წყაროებით მოიპოვეს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული პირების პირადი სატელეფონო ნომრები“- წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

“ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი ცესკო-მ არ განიხილა

მას შემდეგ, რაც ფოთის # 61 საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი, რომლებიც საუბნო კომისიებში დამოუკიდებელ წევრთა კვოტით შესულ ხელისუფლების წარმომადგენელთა შეცვლას ითხოვდნენ, რომლებიც სამუშაო საათებში ფოთელ საჯარო მოხელეებს ერთ-ერთ შენობაში ხვდებოდნენ და დირექტივებს იღებდნენ, მათ საჩივრით ცესკო-საც მიმართა. „როგორც ჩაგვბარდა საოლქოს გადაწყვეტილება, იმავე დღეს ფოსტით გავუგზავნეთ ცესკოს საჩივარი და დაგვიანებულად ჩაგვითვალეს, რის გამოც არც განიხილეს,“- აცხადებს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ დარცმელიძე.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებიმათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში უნდა გასაჩივრდეს ცესკოში. ამავე კანონის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეტანილად ითვლება საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მომენტიდან. წინამდებარე საჩივარი ცესკოში რეგისტრირებულია 22 სექტემბერს“ – წერია თამარ ჟვანიას მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 25- მუხლის მე-14 ე პუნქტის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს – „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე“ და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე N70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა უარი ეთქვას ნაციონალური მოძრაბის მიერ შემოტანილი წერილის მოთხოვნას უსაფუძლობის გამო, – წერია ფოთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ცესკოს გადაწყვეტილე ბის სასამართლოში გასაჩივრების ვადა აქვს. გაასაჩივრებენ თუ არა, ვახტანგ დარცმელიძემ ჯერჯერობით არ იცის.

ნაციონალების კანდიდატი ფოთის მერს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

„ერთიანი ნაციონალური მორაობის“ ფოთელი კანდიდატი ბექა ბასილაია ფოთის მერს, ირაკლი კაკულიას სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ეთერში გასულ განცხადებას, სადაც მერმა ბექა ბასილაია ადამიანების „წამებაში თამონაწილედ“ და „ხალხის დამკიდებლად“ მოიხსენია.

„პიროვნება, რომელიც ღამის 2-3 საათზე, როგორც ამბობენ, ნოტარიუსის თანხლებით აფორმებინებდა ნახევარი თბილისის ქონებებს, როგორც ვიცი 2 გვამი რომ მოითხოვა იმ კაცის ადვოკატია, უგულავასი და კიდევ სხვების.. ს ახალგაზრდა ბიჭი, როგორც ამბობენ, ყველა იმ უბედურების თანაზიარია და დღეს გამოდის ცენტრალური ტელევიზიით და თევზის სუნიაო ამბობს. თევზის სუნია კი არა, კიდებდა ხალხს, როგორც ამბობენ…“- განაცხადა მერმა.

ბასილაია მერს ბრალდების დამტკიცებას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ცილისწამებისთვის მას პასუხს აგებინებს. ფოთის მერი TSpress-ის სატელფონო ზარებს არ პასუხობს.

დღეს ამავე თემაზე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ეკა ბესელიამაც გააკეთა განცხადება:“ეს ახალაიების და სხვა მოძალადეების ხელის ბიჭი ამ სურათებზე გამოსახულ საშინელ უსამართლობას და ძალადობას განასახიერებს, ეს არის ბექა ბასილაია!

კლანები და კორუმპირებულები უხვად ხართ შენ დამნაშავეთა გუნდში. რა გაგიკეთებია უკანონობის გარდა, როცა საქმიანობდი პროკურატურაში? შენ რომ მათ უსამართლოდ საქმეებს უთითხნიდი მე ვიცავდი ადამიანებს და ასობით ფოთელს მათ შორის თავისუფლება მოვუტანე. რა გაგიკეთებია ერთი კეთილი საქმე იმის ფასი რომ ბიძინა ივანიშვილი შენი საძაგებელი გახდეს? აღარ გავაგრძელებ, ამ ფოტოებს დახედე. შენ ერთი იმათგანი ხარ, ვინც ჩვენს მოქალაქეებზე იძალადა და ფოთი გაგცემს პასუხს 8 ოქტომბერს !”- წერია ბესელიას მიმართვაში.

ბექა ბასილაია მას ასევე სოციალურ ქსელში პასუხობს: „ტრაფარეტულ ცილისწამებებს ვერ გასცდით. პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გავეშებულად მებრძოლი პროკურატურა და სუსი მე, გიგი უგულავას ადვოკატს, ბრალს არ წამიყენებდა, რაიმე კანონდარღვევა რომ ჩამედინა?! ლოგიკას მოუხმეთ ქ-ნ ეკატერინე, ბოლოსდაბოლოს იურისტი ხართ;

რატომ არაფერს ამბობთ ფოთში თქვენს მიერ ფორმირებულ კლანზე?! ფოთის ბიუჯეტიდან მოპარულ ასეულ ათასობით ლარზე, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ინტერესებზე სხვადასხვა ბიზნესებში?!

პ.ს. ფოთის მოქმედი მაჟორიტარი და ოცნების სიის მე-13 ნომერი ხართ და წინასაარჩევნოდ ფოთში ვერ ჩამოსულხართ, იმდენად მოატყუეთ ხალხი, იმდენად დიდია ფოთელებში ეჭვი, რომ კორუფციაში ხართ ჩაფლული“- წერს ბასილაია.

„ქართული ოცნების“ კანდიდატის მძახლის მიერ დაფინანსებული BMW-ს ჩემპიონატი ფოთში

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, BMW-კლუბის მიერ ფოთში გამართული საქართველოს დრიფტ-ჩემპიონატი „ქართული ოცნების“ ფოთელმა კანდიდატმა, ირალი ხახუბიამ დააფინანსა. ხახუბიამ დრიფტში თავად მიიღო მონაწილეობა, რაც მედიითაც გაშუქდა და ვიდეომასალა მის ფეისბუქ-გვერდზეც დაიდო.

„ჩვენ ვართ სრულიად აპოლიტიკური. ფოთის კლუბი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელზეც ჩვენ ვერ და არ ვაგებთ პასუხს არც ერთი კუთხით“ – განუცხადეს TSpress-ს საქართველოს BMW–ს კლუბიდან.

BMW-კლუბის ფოთის წარმომადგენელმა, ზურაბ კალანდაძემ კი არსებული ინფორმაცია უარყო: „ეს კლუბი ფოთში წლებია არსებობს, არანაირად არ არის ახლანდელი დრიფტიც ხახუბიას დაფინანსებული, ტყუილია. ესე ვინ რასაც იტყვის ყველაფერი არ დაიჯერება,მაგრამ თუ მაინც შეეცდება ვინმე ამ თემაზე საჯაროდ რაიმე დამაბრალოს, ჩემგან მიიღებს პასუხს“- აცხადებს კალანდაძე TSpress –თან.

ხახუბიას წარმომადგენელი კატო ჩულაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ კანდიდატს დრიფტი არ დაუფინანსებია.

„ფული ფოთის BMW-კლუბს არ აქვს. მას ყავდა სპონსორები. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი იყო შპს სათნო, კანდიდატის მძახლის კომპანიაა. თან კანდიდატიც კი მივიდა დრიფტზე, ყველამ ვნახეთ- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენელი ვახტანგ დარცმელიძე.

კომპანია „სათნოს“ მიერ დრიფტის დაფინანსების ფაქტი კალანდაძემ TSpress-თან დაადასტურა. მისი თქმით, ჩემპიონატი სულ შვიდმა კომპანიამ დააფინანსა, მათ შორის, შპს აისბერგმაც, რომელიც ასევე ხახუბიას ბიზნესპარტნიორის კომპანიაა.

ფოთელი ოპოზიციური პარტიების კანდიდატები საუბნო კომისიების დაკომპლექტებას აპროტესტებენ

„თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი თენგიზ ჩაკვეტაძე საუბნო საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი წევრების „არადამოუკიდებლობაზე“ საუბრობს. მის განცხადებით, საუბნო კომისიების 6-6 წევრი და უბნის თავმჯდომარეები ხელისუფლებამ დანიშნა. „ის 6 წევრი, რომელსაც საოლქო ნიშნავს ოცნების, კონსერვატორების და მრეწველების წარმომადგენლები არიან“ – აცხადებს ჩაკვეტაძე.

მის პოზიციას იზიარებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, სადაც აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი წევრები სინამდვილეში რომ არ არიან დამოუკიდებელი წევრები, მათ ეს ამხილეს, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. ნაციონალები მიჩნევენ, რომ საუბნო კომისიის წევრებს შეუძლიათ გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე, ამიტომაც მათი უპირობო მოთხოვნა კომისიის წევრთა შეცვლაა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არსებულ საუბნო კომისიების შემადგენლობებს თუ შევადარებთ ამჟამინდელს, დავინახავთ, რომ დაახლოებით ნახევარი შევლილია. „ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველ ნაციონალურ პარტიას ყავდა წევრთა უმრავლესობა, ხოლო ვინც დარჩა ახლა ოცნებას ემსახურება“, – აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატები“.

ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიას განცხადებით, საუბნო კომისიების წევრთა შემოწმების ვალდებულება არ აქვთ. “რომელიმე პარტიის წარმომადგენელი რომ არ არის, დადასტურებით ვერ გეტყვით. ჩვენ ამის გადამოწმების ვალდებულება არ გვაქვს”- განაცხადა TSpress-თან საუბარში.

საუბნო-სარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი 17 აგვისტოს დასრულდა. საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი-დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

კომენტარები