30 სექტემბერს, 11:00 საათზე, ფოთში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

ის “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბექა ბასილაიას სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებას და მედიისთვის მტკიცებულებების წარდგენას გეგმავს.

ვალერი შოშიაშვილი აცხადებს, რომ ბექა ბასილაია, როცა პროკურატურის თანამშრომელი იყო, უშუალოდ მონაწილეობდა მისთვის ბიზნესის წართმევის პროცესში. მისი თქმით, სწორედ ბექა ბასილაიას ზეწოლით, გრემის ნანგრევები 700 000 ლარად იძულებით შეაძენინეს.

ბიზნესმენის განცხადებით, იგი შუამავლის როლს ასრულებდა, რასაც მისთვის ბექა ბასილაიას მიერ გამოგზავნილი მესიჯები და სხვა კონკრეტული ფაქტები ადასტურებს.

შოშიაშვილსა და ბასილაიას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში მას შემდეგ მოხდა, რაც გადაცემის მსვლელობისას, ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა, რომ დაკავების მუქარით, აუქციონზე დაუსწრებლად უძრავი ქონება შეაძენინეს, რაშიც ბექა ბასილაია უშუალოდ მონაწილეობდა.

თავის მხრივ, ბასილაიამ განაცხადა, რომ იგი იმ პერიოდში უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში მუშაობდა და მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვალერი შოშიაშვილისა და მისი მამის კომპანიების მიერ ადგილი ჰქონდა შემოსავლების დამალვას და ფულის “გათეთრებას”.

ამ დიალოგის შემდეგ ბასილაიამ მას “ქალუსია” უწოდა, რის შემდეგაც შოშიასვილმა მას ჭიქა ესროლა. ბასილაიამ კი გინებით გაიწია მისკენ და დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ამავე თემაზე:

ნაცმოძრაობის კანდიდატი ფოთის მერს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

კომენტარები