“ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივი ტელეკომპანია “მეცხრე ტალღის” ეთერში დღეს გამართულ დებატებში მონაწილეობას არ იღებს და მიზეზების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

მოგესალმებით! მივესალმები ტელემაყურებლებს, რეგიონული დებატების ორგანიზატორებს და ტელეკომპანია მე-9 ტალღას.

დღეს ფოთის ადგილობრივ ტელევიზიაში დაგეგმილია მაჟორიტარ კანდიდატთა დებატები, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიმეღო მეც, როგორც სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარ კანდიდატს.

გაცნობებთ, რომ მუდამ მზად ვარ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის, თუ მას ექნება კონსტრუქციული სახე და ოპონენტები დაიცავენ ეთიკის ელემენტარულ წესებს. მაგრამ იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე იყენებდნენ ყველა მიუღებელ მეთოდს კონკურენტების და კონკრეტულად ჩემს მიმართ, იაფფასიან კამათში დროის დაკარგვას არ ვაპირებ.

დიახ, მე თავს ვარიდებ უსარგებლო საუბარს, რომელსაც დებატებად ნათლავენ ოპონენტები. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც არაფერი შეიცვლება მათი გამოხატვისა და კამათის სტილში. პოლიტიკური ოპონირება გადაიზრდება ცილისწამებასა და უზრდელობაში, რაც ნამდვილად არაა სასიამოვნო სანახაობა ამომრჩევლისთვის.

ცილისწამება, ტყუილი და შეურაცხყოფა მათი არჩევანია. ჩვენ გვაქვს ჩვენი არჩევანი.

ჩვენ, სახელისუფლებო გუნდის კანდიდატები ვიქცევით ღირსეულად და არ ვიღებთ მონაწილეობას სპეკულაციებსა და დემაგოგიაში.

დებატები ნიშნავს სიმართლეს, კამათს მნიშვნელოვან თემებზე და საკუთარი და სხვისი აზრის დაცვას კულტურული საზოგადოებისთვის მისაღები წესებით.

საარჩევნო კამპანიის პერიოდში მუდმივად ჰქონდა ადგილი ოპონენტი სუბიექტების მიერ სახელისუფლებო პარტიისა და პირადად ჩემს მიმართ ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ კამპანიას, მაგრამ, ჩვენ პატივს ვცემთ საკუთარ ამომრჩეველს და არასოდეს პასუხი არ გაგვიცია მათივე მეთოდებით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით სიმართლის დასაბუთებას ფაქტებით და ზნეობრივ ფარგლებში.

ამას მოითხოვს ჩვენგან ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენ ბოლომდე მივყვებით ხალხს.

საარჩევნო კამპანია დასასრულისკენ მიდის. საზოგადოება ფაქტიურად ჩამოყალიბებულია საკუთარ არჩევანში. დღესაც ვფიქრობ და მომავალშიც ასე ვაპირებ ურთიერთობას ამომრჩეველთან – არასოდეს ვაკადრო წვრილმანი მავნებლობით, ტყუილით, ცილისწამებით, მოსყიდვით და დამცირებით საკუთარი აზრის მოხვევა.

აქვე აღვნიშნავ, რომ ამ საარჩევნო კამპანიაში, ფოთის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად, ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო თავისუფალი მედია. რომელთან ურთიერთობაში არასოდეს შემქმნია პრობლემა და მომავალში ეს ურთიერთობა ასეთივე ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება.

პატივისცემით,

ირაკლი ხახუბია

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატი 61-ე საარჩევნო ოლქში.

კომენტარები