„თბილისში მცხოვრები ფოთელთა საზოგადოების“ ინიციატივით, ფოთელები, რომლებიც წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობენ და საქმიანობენ, „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად, ფოთში, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში შეიკრიბნენ.

შეხვედრაზე „ძველ და ახალ ფოთზე“, ქალაქში მიმდინარე მსხვილ პროექტებზე, არსებულ პრობლემებზე და მის მოგვარების გზებზე ისაუბრეს და განმარტეს, თუ რატომ უჭერენ „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს მხარს.

„წარმატებული ბიზნესმენი, მეწარმე“, „კარგი ოჯახისშვილი“, „სწორი პოლიტიკური კურსის, კარგ საქმეებზე ორიენტირებული პიროვნება“- ამ სიტყვებით ახასიათებდნენ კანდიდატს და ფოთელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.

შეკრებილებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა დადებითად შეაფასეს და მათ მიერ გაკეთებულ საქმეებზეც ისაუბრეს.

ფოთის საკრებულოს წევრის, გია დარჯანიას ინფორმაციით, ქალაქში სამი დიდი, მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს.

„2016 წლის ბოლოს ქალაქი გადავა 24 საათინ წყალმომარაგეობაზე. მიმდინარეობს და მალე დასრულდება 100 მლნ ლარის ღირებულების კანალიზაციის პროექტი. დაგეგმილია ქალაქის ზღვისკენ მობრუნების ე.წ. რივერსაიდის პროექტი, რომლის ფარგლებში მალთაყვის სანაპირო ზოლის, ბულვარის მშენებლობა- კეთილმოწყობა მიმდინარეობს“- განაცხადა დარჯანიამ.

მისი თქმით, ირაკლი ხახუბიას ქვეყნის ეკონომიკაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი. როგორც დარჯანია ამბობს, ხახუბიას ქვეყნისა და ქალაქის ბიუჯეტში სოლიდური შენატანები აქვს, რაც ბიზნესმენის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანია.

„დასაქმებული ყავს ფოთელები და როგორც მეწარმეს ძალიან შორს მიმავალი ბიზნესგეგმები აქვს.“- განაცხადა შეხვედარზე დარჯანიამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის განმარტებით, ფოთში 13 კანდიდატის არსებობა თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოს მიანიშნებს, რაც მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა.

„იმ სისტემური რეფორმების ფონზე, რაც უკავშირდება ამ ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებას და თვითმმართველობის რეფორმის წარმართვას ირაკლი ხახუბია თავისი ღირებულებების, თავისი კარიერის, თავისი მისწრაფებების თვალსაზრისით არის ის კანდიდატი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ რეფორმების გაგრძელებას.“- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის, მეცნიერებათ დოქტორის, გიული გოგოლის თქმით, ხახუბიას მხარს მისი ოჯახისა და საარჩევნო პროგრამის გათვალისწინებით უჭერს.

„მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ ვიცნობ მის პროგრამას და უპირველესად მის ოჯახს. ფოთელებისგან მომისმენია მისი საქმიანობის შესახებ. როგორც ცნობილია, მას დიდი გეგმები აქვს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების, ტურისტული პოტენციალის ამაღლების კუთხით. ჩვენი ქალაქი ბოლოსდაბოლოს გაიღვიძებს“- აღნიშნა გოგოლიმ.

ორი მოწვევის პარლამენტარის, პეტრე ბერაიას თქმით, როგორც პარტიას „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს.

„დეპუტატობის ყველა კანდიდატი ღირსეულია, მაგრამ ამათგან გამორჩეულზე გამორჩეული არის ირაკლი ხახუბია.“- განაცხადა მან.

შეხვედრის დასასრულს შეკრებილებმა ფოთის მალთაყვის სანაპირო ზოლზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

თავად კანდიდატმა, გურიაში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის გამო, შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლო.

შეხვედრა საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და მას 30-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

კომენტარები