„ფოთელებმა ალბათ არ იციან, ვინ არის და რას წარმოადგენს, ბექა ბასიალაია. ის არის დამნაშავე და მისი ადგილი ციხეშია.“- განაცხადა ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის, ბექა ბასილაიას წინააღმდეგ დოკუმენტები წარადგინა.

ფოთში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბიზნესმენმა, ვალერი შოშიაშვილმა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის 2016 წლის 24 მაისის დადაგენილება წარადგინა, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ ის დაზარალებულად ცნო.

დოკუმენტის მიხედვით, 2012 წელს, ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილის წინააღმდეგ სამართალდამცავ უწყებას დავა ქონდა დაწყებული. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების სანაცვლოდ მას მოთხოვეს აუქციონზე გასაყიდად გატანილი, 9322ლარად შეფასებული ქონების- გრემის კულტურის სახლის 700 000 ლარად შეძენა.

“რის სანაცვლოდაც დაპირდნენ, სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდებას, საგადასახადო სამსახურებთან პრობლემების მოგვარებაში დახმარებას და რევიზიის შედეგად კომპანიებზე დარიცხულ გადასახადებზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმებას”- აღნიშნულია დოკუმენტში.

რას ედავებოდა და კონკრეტულად რა საქმეზე იდგა მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შოშიაშვილი არ განმარტავს. მისი თქმით, მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებული არ ყოფილა.

“ასევე მას აღუთქვეს დახმარება ქონების შესაძენად საჭირო თანხის 700 000 ლარის მოძიებაში და დაპირდნენ სს „საქართველოს ბანკიდან“ სესხის აღებაში დახმარებას.

პროკურატურის დადგენილება

ვალერი შოშიაშვილისა და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების მიმართ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ზემოაღნიშნული მუქარის, ფსიქოლოგიური ზეწოლის და ფსიქიური იძულების შედეგად, ვალერი შოშიაშვილი იძულებული გახდა დათანხმებულიყო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ამ მოთხოვნას” – აღნიშნულია ბიზნესმენის დაზარალებულად ცნობის შესახებ გამოქვეყნებულ პროკურატურის დადგენილებაში.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ შეძენილი ქონების საფასური ვალერი შოშიაშვილმა სრულად გადარიცხა ყვარლის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. სს „საქართველოს ბანკი“ დან შპს „ენკა მოლი“- ზე გაცემული სესხის თანხიდან.

შოშიაშვილის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლი, რომელიც მას აღნიშნულ უკანონო ქმედებას აიძულებდა ბექა ბასილაია იყო.

„შოშიაშვილის მიმართ მიცემული უკანონო დაპირება სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან არ შესრულებულა. აღნიშნული ქმედებით ვალერი შოშიაშვილს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწინებით, არსებობს ვალერი შოშიაშვილის დაზარალებულად ცნობის, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები“- განმარტებულია პროკურატურის დოკუმენტში.

სმს შეტყობინებაბიზნესმენმა მისი დაზარალებულად ცნობის პროკურატურის დადგენილებასთან ერთად სმს-შეტყობინებებიც გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ბასილაიას ეკუთვნის და სადაც ბასილაია წერს, რომ თანხა ბანკში უნდა გადაიხადოს “საწყისი თანხა არის 100 000 ლარი, ბიჯის თანხა კი, 5000 ლარი”.

ბასილაია ბრალდებას “სისულელეს” უწოდებს და შოშიაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს.

ბიზნესმენთან შეხვედრას ფოთის საზოგადოებრივი დარბაზის, „ქართული ოცნების“ და სამოქალაქო ცენტრის წევრებიც ესწრებოდნენ. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ “დანაშაულებრივ რეჟიმზე“ ისაუბრეს.

კომენტარები