ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტში საპენსიო რეფორმის მოდელზე მუშაობა ფინალს მიუახლოვდა. უამრავმა ადამიანმა მოსალოდნელი სიახლის შესახებ არაფერი იცის.

აუცილებელია ამ საკითხზე საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირება.

რეფორმის პროექტზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიდის. 2014 წლის ივლისში საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი და მთავარი სპეციალისტი ირაკლი ბურჭულაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ვაშინგტონში, სადაც მოხდა საპენსიო რეფორმის განხილვა და გამოცდილების გაზიარება. მუშაობის პროცესში ბრიტანელი ექსპერტების რეკომენდაციებიც იქნა გათვალისწინებული. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეფორმა ძალაში 2017 წლიდან შევა.

სოციალური პენსია და „ყულაბის პრინციპი“

მოსახლეობის დიდი ნაწილის სიდუხჭირიდან გამომდინარე საპენსიო პოლიტიკა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. ჩნდება კითხვა: გაითვალისწინა თუ არა მთავრობამ მოქალაქეთა სოციალური საჭიროებები? წინასწარი ინფორმაციით ორი ტიპის პენსიის შემოღებაა გათვალისწინებული. ერთი დაგროვების პრინციპზეა დაფუძნებული, ხოლო მეორე კი საბაზისო, ანუ სოციალური პენსიაა. რეფორმის ავტორთა განმარტებით პენსიის ტიპის არჩევანი ნებაყოფლობითია.

პირველი მოდელის თანახმად მოქალაქეს დაგროვებით საპენსიო ფონდში ექნება „პირადი ყულაბა“, სადაც ყოველთვიური შემოსავლის ორ პროცენტს გადარიცხავს. პარალელურად ორ-ორ პროცენტიან შენატანებს ჩარიცხავენ მისი დამსაქმებელი და სახელმწიფო. შედეგად სოლიდური თანხები დაგროვდება. საპენსიო ასაკის მიღწევამდე ამ თანხებს განკარგავს კერძო კომპანია, რომელიც მოახდენს მათ ინვესტირებას და მიღებულ მოგებას „ყულაბაშივე“ შეინახავს. საპენსიო ასაკის მიღწევისას „ყულაბა“ გაიხსნება და დაგროვილი თანხა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებლისა და საპენსიო ასაკის ნაშთზე გადანაწილდება. საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74 წელია.

რაც შეეხება სოციალურ პენსიას, იგი მოჭრილი თანხის – ას ოთხმოცი ლარის გაცემას ითვალისწინებს. პენსიის ამ ტიპს ყველა მოქალაქე გარანტირებულად მიიღებს. მათ შორის „ყულაბის“ ბედნიერი მფლობელიც. ანუ ყულაბის თანხის ამოწურვამდე, ფაქტობრივად, ორი პენსიით ისარგებლებს.

დამაფიქრებელი დეტალი: პენსიის ტიპის არჩევანი თეორიულად ნებაყოფლობითია, მაგრამ „პირადი ყულაბის“ ფუფუნება რეალურად მხოლოდ მუდმივი შემოსავლის მქონე მოქალაქისთვისაა ხელმისაწვდომი.

უფრო მეტი პენსია უნდა ჰქონდეს მას, ვინც უფრო მეტს იხარჯება საზოგადოებისთვის..“

სოციალური პენსიის დანიშნულებას სიღარიბის დაძლევაა, მაგრამ ას ოთხმოცი ლარი ადამიანის ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც ვერ გაწვდება. გამოდის, რომ ღირსეული სიბერე მხოლოდ მაღალ ხელფასიანი მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი. ამასთან „პირადი ყულაბის“ მფლობელთათვის „ბონუსებიცაა“ გათვალისწინებული: ყოველთვიური „კანფეტები“ სახელმწიფოსაგან ორპროცენტიანი ჩანარიცხის სახით და მუდმივი სოციალური პენსია.

ოთარ ძიძიკაშვილი (ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელძღვანელი):

– მგონი საკამათო არაა რომ უფრო მეტი პენსია იმას უნდა ჰქონდეს, ვინც მეტად იხარჯება საზოგადოებისთვის. რა დააშავა მოქალაქემ, რომელსაც მაღალი შრომითი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაღალი ხელფასი აქვს და წლების მანძილზე გადასახადებს იხდის? არ შეიძლება ადამიანი იმიტომ იჩაგრებოდეს რომ მაღალი ხელფასი აქვს! ამასთან პირად ყულაბაში 2%-იანი სახელმწიფო შენატანი მხოლოდ ხუთი ათასიან ხელფასამდეა გათვალისწინებული. ამ ზღვარს ზემოთ სახელმწიფო აღნიშნულ შენატანს აღარ განახორციელებს.

– რატომ არ შეიძლება სახელმწიფო შენატანის უფრო დაბალ ნიშნულზე (მაგალითად ორი ათას ლარზე) შეწყვეტა და დაზოგილი თანხის სოციალური პენსიის ფონდში გადამისამართება?..

– ორი ათასიდან ხუთი ათასამდე ხელფასიანები სულ ოცი ათასამდე ადამიანია, ხოლო პენსიონრები კი 700 ათასზე მეტი. ამდენად ეს დანამატი მეტისმეტად მცირე გამოვა. მოქალაქეს რომელსაც ხუთი ათასზე ლარი შემოსავალი აქვს ქვები არ უნდა ვესროლოთ. დაბეგვრის შემდეგ ოთხი ათასი ლარი რჩებათ და ამ თანხით ფუფუნებაში ვერ იცხოვრებ. ეს არის საშუალო ფენის ხელფასი. ჩვენ შევეცადეთ ხუთი ათასიან ზღვარში დაბალი და საშუალო ფენა მოგვექცია. მაღალშემოსავლიანებს შესაძლოა პირადი დანაზოგებიც ჰქონდეთ და შეუძლიათ ფონდში ნებაყოფლობით დამატებითი ხუთი პროცენტი შეიტანონ. დაგროვების თანხა სხვა თანხებთან ერთად საბანკო სექტორში აკუმულირდება, ეკონომიკაში ინვესტირდება და დოვლათს წარმოქნის. ანუ შემოსავლების სახით ისევ ბიუჯეტს უბრუნდება. ხოლო თუ ფულს პირდაპირ სოციალური პენსიისთვის დავარიგებთ, უბრალოდ გაფლანგვა გამოვა. განვითარებად ქვეყანაში ყველა ხარჯს მნიშვნელობა აქვს და მაქსიმალური თანხები საინვესტიციოდ უნდა მივმართოთ.

– განა თანხების ფლანგვა არ გამოდის „ყულაბის“ მფლობელი ორ პენსიას რომ მიიღებს? ზღვრულ ასაკამდე მხოლოდ დაგროვებითი პენსია მიიღოს და დაზოგილი თანხა კი სოციალურ ფონდში გადავიდეს..

– მაღალშემოსავლიანი მოქალაქე ქმნის დოვლათს და იხდის გადასახადებს, რომელიც რამდენიმე პენსიონერის შენახვას ყოფნის. სახელმწიფომ სანაცვლოდ რაღაც ხომ უნდა მისცეს?!

– რატომ არ შეიძლება სოციალური პენსია რეალური საარსებო მინიმუმის ტოლი გავხადოთ და წლიური ნამსახურების თანხაც დავუმატოთ?

– სოციალური პენსიის თანხა ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე მეტია. ამასთან პენსიის მოდელი შესაძლოა იყოს სოციალურად სამართლიანი, მაგრამ ეკონომიკურად არასწორი; ანდა პირიქით – სოციალურად არასამართლიანი, მაგრამ ეკონომიკურად სწორი. ჩვენს შემთხვევაში მეორეა. ქვეყნის შესაძლებლობების გათვალისწინებით ეს ყველაზე სწორი მიდგომაა. სოციალურ პენსიას წლიური ნამსახურების თანხაც რომ დავუმატოთ მაშინ რესურსების სიმწირის გამო საბაზისო თანხა კიდევ უფრო მცირე გამოვა.

– რეფორმის თანახმად დაგროვებით საპენსიო ფონდს კერძო კომპანია განაგებს. რა გარანტიაა რომ თავის მოვალეობებს კეთილსინდისიერად შეასრულებს და მისი მენეჯმენტი სანანებლად არ გაგვიხდება?

– ეს აუცილებლად იქნება კარგი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო, ან ადგილობრივი კამპანია. თანხები ჩაირიცხება გამტარ ბანკში. ინვესტირება მოხდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების დაცვით. პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონტროლირებადი იქნება. თავად პენსიონერსაც შეეძლება თავისი ანგარიშის გაკონტროლება. გარდა ამისა სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას რომ ხალხი ფულს არ დაკარგავს.

– თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, რომ მეტი პენსია უნდა მიიღოს იმან, ვინც საზოგადოებისთვის სხვაზე მეტად იხარჯება. მაგრამ ამისათვის უნდა ჰქონდეს სამსახური, კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული ზრდის საშუალება. საქართველოში ყველაფერი მეტწილად ნაცნობ-მეგობრობით წყდება. უამრავ ადამიანს წართმეული აქვს სრულფასოვანი თვითრეალიზაციის საშუალება და ამიტომ დაბალი, ან სოციალური პენსიის ანაბარა დარჩება.

– გეთანხმებით. შესაძლოა ადამიანს უნარიც აქვს და ბევრსაც შრომობს, მაგრამ მისი ანაზღაურება არ არის შრომის შესაბამისი და შედეგად პენსიაც დაბალი გამოვა. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ჩვენი საპენსიო მოდელის ბრალი. საბოლოო ჯამში ყველაფერი ეკონომიკის ზრდაზეა დამოკიდებული. თუკი ეკონომიკა განვითარდა, გაიზრდება სპეციალისტებზე მოთხოვნა და ხელფასებიც. შესაბამისად, მაღალი პენსიებიც მეტ მოქალაქეს ექნება.

გამოსავალი: სოლიდარობის ფონდი

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, გოჩა ალექსანდრიას სიტყვით, რეფორმის მოდელზე მუშაობისას იგნორირებული იქნა ევროპაში ფართოდ გამოყენებული სოციალური სოლიდარობის პრინციპი:

მაღალი ხელფასებიდან თანხის გარკვეული ნაწილი იჭრება და სოლიდარობის ფონდში გადადის. ამაზე გვიპასუხეს – არავინაა ვალდებული საკუთარი ნაშრომი სხვას მისცესო. ჩვენ სამ საფეხურიან საპენსიო სისტემას ვთავაზობთ. პირველი საფეხურია საბაზისო პენსია; მეორე საყოველთაო დაზღვევის პრინციპს ეყრდნობა: სახელმწიფოს, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა მიერ გადარიცხული თანხები საერთო ყულაბაში იყრის თავს. პენსიის დაანგარიშება ხდება სტაჟის, დამსახურებების და ბოლო წლის ხელფასის მიხედვით. ეს ყულაბა სოციალური სოლიდარობის გამოხატულებაა. მესამე საფეხური კი „პირადი ყულაბით“ დაგროვილი პენსიაა. მაღალხელფასიან მოქალაქეთა შემოსავლებიდან თანხის სოლიდარობის ფონდში გადარიცხვა ნიშნავს არა წართმევას, არამედ მომგებიან ინვესტიციას. სოციალური კრიზისების პრევენციას ვგულისხმობ. საზოგადოებრივი სტაბილურობა ყველაზე დიდი სიკეთეა.

საინტერესო დეტალი: ოთარ ძიძიკაშვილის აზრით სოლიდარობის ფონდის იდეა კარგად მხოლოდ თეორიულად ჟღერს. სინამდვილეში კი ეს არის მოდელი რომელიც საბოლოო ჯამში გაკოტრდება. ფონდი, მისი აზრით, მხოლოდ მაშინაა საიმედო, თუ მოსახლეობა მატულობს, სამუშაო ძალაც მატულობს, ეკონომიკა ვითარდება და ხელფასები იზრდება. ეს კი მხოლოდ სწორი გრძელვადიანი გათვლის შემთხვევაშია შესაძლებელი. ესპანეთმა და იტალიამ სწორედ ამ სისტემის იმედით მაღალი სოციალური ვალდებულებები აიღეს. საბოლოოდ კი გაკოტრებული იტალია იძულებული გახდა საპენსიო ასაკი გაეზარდა.

თავად პენსიონერები რას იტყვიან?

საპენსიო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა უპირატესობა ეკონომიკურ მიზანშეწონილობას მიანიჭა. სამაგიეროდ რეფორმის ადრესატები აღტაცებულნი არ არიან და სოციალურ სამართლიანობისკენ იშვერენ ხელს.

ნუგზარ ჟორდანია (ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ საზოგადოებასთან სამსახურის ურთიერთობის მენეჯერი):

დაგროვებითი პენსიის მოდელი ვერ განხორციელდება ქვეყანაში სადაც თითქმის 900 ათასამდე პენიონერი და 600 ათასამდე მუდმივი სამუშაოს მქონე ადამიანია. განვითარებულ ქვეყნებში ადამიანებს დიდი ხელფასებიდან ოც პროცენტიანი ან მეტი შენატანი შეაქვთ. ჩვენი მოქალაქე რომლის ხელფასზე რამდენიმე ადამიანია ჩამოკიდებული ამას ვერ მოახერხებს. კიდევ ერთი საკითხი: განა ჩვენი პენსია რაიმე შეხებაშია რეალურ საარსებო მინიმუმთან?! ან რა უბედურებაა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ვიღაცამ ლოკომოტივით შეათრია პარლამენტში და იქ ტომარასავით იდო, ათასი და ათას ხუთას ლარიანი პენსია რომ აქვს? ამ დროს მეშახტეს ენატრება ასეთი პენსია. როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას იღებს, არ ჰქონდეს სოციალური სოლიდარობის უნარი?!

ელენე ჩხაიძე (ჟურნალისტი, 85 წლის):

– ჩემი პენსია 180 ლარია. ამას ხომ პენსიაც არ ქვია! ამოსავლად რეალური საარსებო მინიმუმი უნდა აიღონ. თანაც არ მესმის როგორ შეიძლება პენსიის გათანაბრება? აუცილებელია პენსიაში თითოეული მოქალაქის დამსახურება გამოიხატოს. ეს იქნებოდა დაფასებაც და წახალისებაც. წლიური ნამსახურების გათვალისწინებაც აუცილებელია.

მერი ძაგნიძე (პედაგოგი, 81 წლის):

– ყველაზე დიდი მინუსი ისაა რომ დამსახურებას არ ითვალისწინებენ. არა აქვს მნიშვნელობა დამსახურებული პედაგოგი ხარ თუ არა. მერე კიდევ წლების ნამსახურები: როდესაც სკოლაში ვმუშაობდი ყოველ ხუთ წელიწადში გარკვეული თანხა გვემატებოდა. ახლა ამას ვინღა უყურებს! თუ რაღაც მოგიმატეს, ბაზრის ფასებიც მატულობს და რაღა აზრი აქვს! წამლები ცალკე პრობლემაა. ჩემი პენსიით მათი ყიდვა არ შემიძლია.

ნანა კალანდაძე (ასოციაცია ,,ღირსეული სიბერისაღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე):

– ნაკლებად რეალისტურია მოსაზრება, თითქოს დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვას მოყვება კაპიტალის ბაზრის განვითარება, ხოლო საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას შექმნის. ვფიქრობ დაბალი შემოსავლების გამო მოსახლეობა ვერ შექმნის მაღალ საპენსიო დანაზოგებს და ,,ღირსეული პენსიის“ მოლოდინები გადაჭარბებულია. ალბათ რეფორმაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს…

სოციალური პენსიონერი – ბიზნეს-პარტნიორი?!

შემოთავაზებული მოდელის თანახმად შეძლებული მოქალაქენი და სახელმწიფო, ფაქტობრივად, საქმიან პარტნიორებად უნდა მოვიაზროთ. დაგროვებითი საპენსო ფონდი დამატებითი საინვესტიციო რესურსია. სამაგიეროდ ხელმოკლე მოქალაქენი მოწყალების მომლოდინეთა პოზიციაში დარჩებიან. ნუთუ არ შეიძლება მაღალი ხელფასებიდან გონივრული გადარიცხვების ხარჯზე შეიქმნას სოლიდარობის ფონდი, რომელიც ასევე საინვესტიციო რესურსი გახდება? მოგების თანხები სოციალური პენსიის გაზრდის და დამსახურება-ნამსახურების გათვალისწინების შესაძლებლობას მოგვცემს. შესაბამისად, სოციალური პენსიონერებიც სახელმწიფოს ბიზსეს-პარტნიორებად გადაიქცევიან და ეს იქნება არა მოწყალება, არამედ გონივრული ბიზნეს-პროექტი.

პუბლიკაციის ავტორის აზრით, რეფორმის შემოთავაზებული მოდელის ყველა მინუსის სათავე ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და სოციალური თანადგომის დისბალანსია. თუკი რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი ამ დისბალანსის მაქსიმალურ დაძლევას მოახერხებს, ჭეშმარიტად საშვილიშვილო საქმე გაკეთდება. საზოგადოებრივი სტაბილურობა სოციალური სამართლიანობის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს.

*სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე”და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები