ფოთის საუბნო კომისიების თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და დამოუკიდებელი წევრების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ აქტივისტები ან საჯარო მოხელეები არიან. ოპოზიცია მმართველი გუნდის აქტივისტებითა და მერიის თანამშრომლებით საუბნო კომისიების დაკომპლექტებაზე კარგა ხანია საუბრობს. Tspress -მა ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, მათი წევრების სამსახურებრივი და პარტიული აქტიურობა მოიკვლია.

ქალაქში 32 საარჩევნო უბანია. მათგან ოფიციალურად, ოცდაერთი თავმჯდომარე “თავისუფალი წევრის” სტატუსითაა არჩეული, თერთმეტი თავმჯდომარე კი, პარტიული ნიშნით ( 7- „ქართული ოცნება“, 4- „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“)

თავისუფალ წევრებად წოდებული თავმჯდომარიდან, ჩვენი მოკვლევით, 18 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და აქტივისტია.

„სამართლიანი არჩევნების“ რეკომენდაციით, ეჭქვეშ დგება მსგავსი კომისიების მიუკერძოებლობა.

თავისუფალი წევრის სტატუსით მყოფი კომისიების თავმჯდომარეები:

#1 უბნის თავმჯდომარე – ზაზა ღადუა, ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილეა. თანამდებობაზე ის, როგორც თავად ამბობს, დაახლოებით ერთი წლის წინ დაინიშნა. ღადუა „ქართული ოცნებისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების დაგეგმილ სხვადასხვა აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. ის წინასაარჩევნოდ, ზუგდიდში გამართულ მმართველი გუნდის მხარდასაჭერ აქციებზე, მათ შორის, ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მიერ სამეგრელოში კანდიდატების წარდგენაზეც იმყოფებოდა.

„დროშების ფრიალით კი არ ვმონაწილეობდი. უბრალოდ იმ დროს ზუგდიდში ვიყავი და მივედი“ – განმარტა TSpress – თან საუბარში ღადუამ.

#3 უბნის თავმჯდომარე – ბადრი იოსავა. მისი თქმით, ის დროებით უმუშევარია. TSpress-ის ინფორმაციით, ის მმართველი გუნდის მხარდამჭერია და კომისიი სდაკომპლექტებამდე კანდიდატის საარჩევნო შტაბის შეკრებებში მონაწილეობდა, თუმცა ამ ფაქტს თავად უარყოფს.

#4 უბნის თავმჯდომარე – რომან მიქაძე ფოთის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდული განყოფილების უფროსია. აღნიშნულ თანამდებობაზე დაახლოებით 2 წელია მუშაობს. მიქაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ფოთში გამართულ პარტიულ შეხვედარში იღებდა მონაწილეობას, რასაც თავადაც ადასტურებს.

#11 უბნის თავმჯდომარე, თეიმურაზ ზაქარაია. ის „სამოქალაქო საზოგადეობის“ წარმომადგენელია. „მხარადჭერას იმ პოლიტიკურ გუნდს ვუცხადებ, ვისაც ხალხი აირჩევს“, – განმარატვს ის.

მე-14 უბნის თავმჯდომარე – გოჩა აფშილავა „ფოთის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“იურისტია. დარბაზი „ქართულ ოცნებას“ და ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელიას უცხადებდა მხარადჭერას. აფშილავას თქმით, ის უპარტიოა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ აქციაზე ზუგდიდში „შემთხვევით აღმოჩნდა“.

#15 უბნის თავმჯდომარე – ელგუჯა ანდღულაძე. ის კერძო სექტორშია დასაქმებული. „ქართული ოცნების“ მხარადამჭერობას ადასტურებს და ამბობს, რომ ფოთში პარტიის მხარადასაჭერ აქციებში მონაწილეობას იღებდა.

#16 უბნის თავმჯდომარე – მანანა ქაბძიანიძე. ის თვითმმართველობის დაფუძნებული ა.ა.ი.პ „სასაფლაოების მოვლა- პატრონობის ცენტრის“ ბუღალტერია. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერობას ადასტურებს.

#17 უბნის თავმჯდომარე – თენგიზ ჭანტურია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია. მმართველ გუნდს მხარდაჭერას ჭანტურიაც უცხადებს.

#18 უბნის თავმჯდომარე – ლევან ამბალია კომპიუტერული სტუდიის დამფუძნებელია. ის ამბობს, რომ არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს.

#19 უბნის თავმჯდომარე – მაკა ჩხეტია. ჩხეტია ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენისა და პარტიის მხარადსაჭერად გამართულ აქციებს ზუგდიდში ესწრებოდა.

#21-ე საარჩევნო უბნის თავმჯდოამრე – ბადრი ბუსქანძე. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის“ თანამშრომელია.

#22-ე უბნის თავმჯდომარე – გრიგოლ რუხაძე ფოთის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული შპს „ფოთის ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორია. ის „ქართული ოცნებას“ მხარდამჭერას ღიად უცახდებდა, თუმცა ამჟამად კითხვას არ პასუხობს.

#23-ე უბნის თავმჯდომარე – გრიგოლ გუგუშვილი. ის ფოთის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის დირექტორია. თანამდებობაზე მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა. როგორც თავად ამბობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი შეიძლება იყოს, მაგრამ აქტივისტი არ არის“.

#24-ე უბნის თავმჯდომარე- ნანა დავითაია. დროებით უმუშევარი. ის მმართველი გუნდის მხარდამჭერია, თუმცა პოზიციის ღიად დაფიქსირებისგან თავს იკავებს. „კომისიის თავმჯდომარე ვარ და რა მაქვს ამის უფლება“- განმარატვს ის.

#25-ე უბნის თავმჯდომარე – ვალერი ჯალაღანია. კერძო სტრუქტურაშია დასაქმებული. საკუთარ პოლიტიკური სიმპატიების საჯაროდ არც ის აცხადებს.

#26-ე უბნის თავმჯდომარე – მურთაზ ჟღენტი. მისი თქმით, ის ჯერ დასაქმებული არ არის. „1993 წლიდან არჩევნებში ვარ, დამკვირვებელი ვიყავი და კომისიის თავმჯდომარე გავხდი. არცერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვყოფილვარ“ – აღნიშნა ჟღენტმა.

#28-ე უბნის თავმჯდომარე – დარეჯან ხვითარია, როგორც თავად ამბობს, დასაქმებული არ არის. ის მმართველ გუნდს უჭერს მხარს. „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში და სხვას როგორ დავუჭერ მხარს? ჩემები ყველა ამ მთავრობაშია დასაქმებული“- განაცხადა ხვითარიამ.

#29-ე უბნის თავმჯდომარე – მირანდა სვანაძე ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების უფროსის მოადგილეა.

#30-ე უბანი – ზაზა უჩიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ის თვითმმართველობის არჩევნების დროს, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ალექსანდრე თოფურიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

#31-ე უბნის თავმჯდომარე – დავით ხეცურიანი. მისი თქმით, ის ამჟამად დაუსაქმებელია. ამბობს, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპატიას საჯაროდ არ გამოხატავს. „კონფიდენციალურია, მე ვისი მხარდამჭერი ვარ“- განმარატვს ის.

#33 უბნის თავმჯდომარე – გოჩა სიჭინავა. ის ამბობს, რომ დროებით უმუშევარია და არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს.

კომისიებს ყავთ ასევე პარტიული ნიშნით შერჩეული თავმჯდომარეები, რომლებიც მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „მრეწველების“ წარმომადგენლები არიან.

თავმჯდომარეების მოადგილეების შემთხვევაშიც იდენტური სურათია. მათი უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მერიის თანამშრომლები არიან. მოადგილეებად პარტიული ნიშნით კი, მხოლოდ „ქართული ოცნების“ და“ მრეწველების“ წარმომადგენლები არიან არჩეულები.

როგორც გადამოწმებისას აღმოჩნდა, „მრეწველების“ სახელით მოქმედი კომისიის წევრები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მერიის შპს -ებისა და ა.ა.ი.პ-ების თანამშრომლები არიან. ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ჯემალ მიგინეიშვილმა, განაცხადა, რომ მხარს „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარ ირაკლი ხახუბიას უჭერს.

საუბნო კომისიების შემადგენლობის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობამ“ „ქართული ოცნება“ საოლქოს საქმიანობის ჩარევაში და საუბნო კომისიების საკუთარი ინტერესებით დაკომპლექტებაში დაადანაშაულა.

მათი თქმით, მმართველი გუნდმა თავად შეადგინა კომისის წევრების სია. „ნაციონალების“ განცხადებით, მათ კომისიის თავისუფალ წევრები პარტიული ნიშნით შეარჩიეს, რომლებთაც ტრენინგს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები უტარებდნენ. აღნიშნულზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიდეომასალაც გაავრცელა.

კადრებში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირების, „მრეწველების“ და თავისუფალი წევრების შეკრება ჩანს. აღნიშნულ შეხვედარზე ვიდეოში ჩანს მე-12 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ლარისა უჩანეიშვილი, რომელიც „მრეწველთა“ პარტიიდანაა. უჩანეიშვილი ასევე თვითმმართველობსი დაფუძნებული ა.ა.ი.პ – ის თანამშრომელია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საოლქოს კომისიას იმ თავისუფალი წევრების ჩანაცვლება მოთხოვა, რომლებიც მათი მტკიცებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან, თუმცა საოლქომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საოლქოს თავმჯდომარის, სალომე როდონაის განმარტებით, კანონის თანახმად, საუბნო კომისიის წევრების უფლებამოსილება იწყება პირველი სხდომის მოწვევის დღიდან. 5 სექტემბერს კი სხდომა შემდგარი არ იყო. ის საოლქომ ორი დღის შემდეგ მოიწვია.

კომისიის თავისუფალი წევრების პარტიულობაზე კი, საოლქოს თავმჯდომარე სალომე როდონაია განმარატვს, რომ კანონის თანახმად, თავისუფალი წევრი პოლიტიკური პარტიის წევრი არ უნდა იყოს. მხარდამჭერობა კი, პოლიტიკურ კუთვნილებას არ განსაზღვრავს.

„ყველას აქვს საკუთარი ნება და ყველა აკეთებს არჩევანს. შეიძლება კონკრეტული პარტიის მიმართ სიმპატია აქვს და მხარს უჭერს, მაგრამ არ არის იმ პარტიის წევრი. ამასთან მე არ მევალება, როცა მოქალაქე კომისიის თავისუფალ წევრობაზე განცხადებას შემოიტანს მისი პოლიტიკური წარსული ვარკვიო,“- განმარტავს როდონაია.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) იურისტის, მადონა ბერიძის განმარტებით, ოლქის მიერ პარტიასთან ასოცირებული კომისიის წევრების არჩევა ცუდი ტენდენციაა.

„ჩვენი რეკომენდაციით, პარტიასთან ასოცირებული, პროფესიული წევრების არჩევისგან საოლქოს თავი უნდა შეეკავებინა, რადგან მათი მიუკერძოებლობა ეჭქვეშ დგება. არადა მნიშვნელოვანია მათი დამოუკიდებლობა, რომ არ იყოს მათი საქმიანობის პარტიისთვის მორგება.“- აღნიშნა იურისტმა.

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

კომენტარები