„პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ ფოთის მაჟორიტარმა კანდიდატმა, კოტე კემულარიამ მხარდამჭერებთან ერთად ფოთში წყლის ტარიფი კიდევ ერთხელ გააპროტესტა. მერია- საკრებულოს შენობის წინ გამართულ აქციაზე კემულარიამ ფოთის მერის გადადგომა და საკრებულოს დათხოვნა მოითხოვა.

„ფოთში, სასმელი წყლის ტარიფი 40% – ით მეტი ვიდრე ამას კანონი მარეგულირებლის შესახებ მოითხოვს. 2010 წლის ზაფხულიდან მთელს საქართველოში ტარიფი დადგენილი 1ტ -ზე -35 თეთრი, ფოთში ახდევინებენ 55 თეთრს.“- განმარტა მაჟორიტარობის კანდიდატმა კოტე კემულარიამ.

კემულარიას განმარტებით, წყლის ტარიფი ფოთის მოსახლეობას დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს, რასაც მისი თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის მიწერილ წერილში თავად საკრებულოც აღიარებს, რისი დამადასტურებელი წერილი აქციაზეც წარადგინა.

„საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ე.ი. ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ტარიფი არ უნდა იყოს სხვა რეგიოენბზე (ქალაქებზე) მეტი, დისკრიმინაციული და დაუსაბუთებელი.“ – აღნიშნულია წერილში.

კემულარიას თქმით, აღნიშნული წერილის შემდეგ, რა პასუხი გასცა სემეკ- მა ფოთის საკრებულოს უცნობია. მისი თქმით, საკრებულომ საჯარო ინფორმაცია არ გასცა და საპასუხო წერილი დაუბლოკა.

კემულარიამ ხელისუფლებას მოუწოდა დაუყონებლივ შეამციროს წყლის ტარიფი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, მოსახლეობა კომპანიისგან ქვითრებს არ ჩაიბარებს და გადასახადს არ გადაიხდის.

აქციის მიმდინარეობისას კანდიდატი და მისი მხარდამჭერები საკრებულოს თავმჯდომარის მისვლას ითხოვდნენ.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ალექსანდრე თოფურიას განცხადებით, წყლის ტარიფის განსაზღვრასთან დაკავშირებით სემეკ- ში მუშაობა მიმდინარეობს, რაც აღნიშნულია მათ მიერ გამოგზავნილ წერილში.

„მათ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციის ჩამონათვალში წერილი არ ყოფილა. შესაბამისად მივაწოდეთ ის, რასაც ითხოვდნენ.“- განმარტა თოფურიამ და დასტურად ჟურნალისტებს პარტიიდან შემოსული წერილი წარუდგინა. მისი თქმით, ის მზადაა შეხვდეს კანდიდატსაც და მოსახლეობასაც.

კომენტარები