სამეგრელოს რეგიონში კამპანია ზოგადად მშვიდ და კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს, მაგრამ რამდენიმე რაიონში ექსცესებს მაინც ჰქონდა ადგილი. ძალადობა და ხელშეშლა განხორციელდა, როგორც ოპოზიციურ კანდიდატზე, ასევე „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე.

დიდინეძის ინციდენტი და მასზე გამოხმაურებები

„პოლიტიკურ ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საგანგაშო ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ძალისა და ცივი იარაღის გამოყენების შემთხვევების შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ასევე მმართველი პარტიის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა, რის შედეგადაც რამოდენიმე მათგანი ჰოსპიტალიზებულია. ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება,”- წერია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდის ანგარიშში.

ზუგდიდის სოფელ დიდინეძში 1 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წამრმადგენლებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს სცემეს და შედეგად„ქართული ოცნების“ 3 აქტივისტი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ორ მათგანს ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილეობას იღებდა სოფელ დიდინეძის ყოფილი გამგებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ქირია და ოპოზიციური პარტიის კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი.

„ნაციონალური მოძრაობაში“ კახა ქირიას მონაწილეობას უარყოფენ და დაპირისპირების პროვოცირებაში ბრალს სდებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. როგორც “ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენელმა, ბეჟან გუნავამ განაცხადა, დიდინეძში პარტიის შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ოცამდე წევრმა, მას გზა გადაუკეტა. პაპუნამ სთხოვათ, რომ გაეტარებინათ, იქედან ცოტა უხეში შეპასუხება მიიღო, უწმაწური სიტყვებით მიმართეს და ბუნებრივია, ადეკვატური პასუხიც მიიღეს, შემდეგ მეზობლები გამოვიდნენ, ამ დროს მოხდა შეხლა–შემოხლა“.

მისივე ინფორმაციით, პოლიციაში გადაყვანილი არიან: პაპუნა კუკავა და მისი მეზობელი მანუჩარ ქირია.

„დაახლოებით 21.00 საათზე, ზუგდიდის სოფელ დიდინეძში ავრცელებდნენ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალებს. სოფელში გზის პირას მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან შენიშნეს ორი პირი და დააპირეს სააგიტაციო მასალის მათთვის გადაცემა, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მმართველობის ეპოქა დასრულდებოდა და ამ სოფელში მათ არაფერი ესაქმებოდათ. აქტივისტები მათ გაერიდნენ, თუმცა აღნიშნული პირები, რამდენიმე წუთში მანქანით დაეწივნენ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სოფლის დატოვება მოსთხოვეს.

გზის გაგრძელების შემდგომ ლ. დ-მ დაინახა, რომ მის მეგობრებზე დაახლოებით 7–8 პირი ძალადობდა. იგი ერთ–ერთ მათგანთან მივიდა, რომელიც მანამდე ხსენებულ ავტომობილში იჯდა, და ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა, რაზეც შეურაცხმყოფელი პასუხი მიიღო. აღნიშნულმა პირმა მას სახეში დაარტყა, წაქცეულს ყელზე ხელი მოუჭირა და დახრჩობა დაუპირა, თუმცა სოფლის სხვა მცხოვრებლები ჩაერივნენ და გაიყვანეს. ლ.დ.-მ ფეხზე წამოდგომის შემდგომ დაინახა, რომ თ.მ. იწვა არხში და მანამდე ავტომობილში საჭესთან მჯდომი პირი მას თავში ქვას ურტყამდა, რის შემდგომ მანაც გონება დაკარგა,”- განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელთან საუბრისას ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოებს, ინცინდენტი სწრაფად, ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ, ასევე მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო.

„აღნანიშნავია, რომ ერთ-ერთი დაზარალებულის მდგომარეობა შეფასდა, როგორც საკმაოდ სერიოზული, შესაბამისად, შესაძლოა, სხვა, უფრო მძიმე დანაშაულთანაც გვქონდეს საქმე. სწორედ ამიტომაა, მნიშვნელოვანი მყისიერი რეაგირება – დროული გამოძიება.

ვგმობთ, ყოველგვარ ძალადობას წინასაარჩევნო პერიოდში და მოვითხოვთ დროულ გამოძიებას, ისევე, როგორც სამართალდამღვევი პირის დასჯას.

მსგავსი შემთხვევები უარყოფითად მოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე, მოცემული ვითარება კი, უფრო მძიმედ აისახება მასზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე“, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ“ და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში მომზადდა.

„არჩევნების წინ მსგავსი ინციდენტები გავლენას ახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში ჩატარებაზე, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დემოკრატიისა და მმართველობის ხარისხზე აისახება,”- აღნიშნულია არასამთავრობოების განცხადებაში.

„ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ჩადენილი. გუშინ საღამოს, სოფელ დიდინეძში მოხდა სამწუხარო ინციდენტი, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორი ძირითადი პარტიის წევრები და ამის შედეგად, არიან დაშავებულები ორივე მხრიდან. გამოძიება დაწყებულია და დამნაშავეები კანონის მთელი მოთხოვნით უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ძალადობა და ჩაშლილი შეხვედრა ამომრჩევლებთან სენაკში

სენაკში, ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატ, სანდრა რულოვსისა და მისი მხარდამჭერების აქციაზე, 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა ავტომანქანის შუშა მას შემდეგ დაუზიანეს, რაც მან სანდრა რულოვსს მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა. მასთან ერთად იმყოფებოდა 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის დედა, გულიკო გამცემლიძეც.

„მე და გულიკო გამცემლიძემ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ შვილდახვრეტილმა დედებმა გადავწყვიტეთ, რომ სანდრასთვის კითხვები დაგვესვა. ძალიან გამაღიზიანა მისმა ფრაზამ, რომ მან „ჩახედა მიშას თვალებში და თურმე აღარ მოკლავენ, აღარ გააუპატიურებენ კაცებს ჩვენს ქვეყანაში და თურმე, აღარ იქნება ძალადობა. “

მინდოდა მისთვის მეკითხა, გამიცოცხლებს ჩემს 19 წლის შვილს? ასეთი რაღაც თქვა, რომ სუფთა ხელებით მოვდივარო და რომელი სუფთა ხელებით, სისხლში რომ არიან ყელამდე? 20 ლარად გაყიდული ხალხით, სიდუხჭირისგან გაუბედურებული ხალხით, რომელიც ვეღარ ვითარდება, უკვე ასეთებით მანიპულირებს სააკაშვილი და ასეთი ხალხი ჰყავდათ ჩამოყვანილი დღეს, რომლებმაც დიდი აგრესია გამოხატეს ჩვენს მიმართ, მანქანის შუშაც დამიზიანეს”,- განაცხადა ია მეტრეველმა.

სანდრა რულოვსმა შეხვედრა აღარ გააგრძელა. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეს მას არ ეხებოდა.

როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაიშალა. არასამთავრობოები სამართალდამცავთა უმოქმედობაზეც საუბრობენ.

„ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ია მეტრეველი წარმოადგენს მმართველ ძალასთან დაახლოებულ პირს. მიუხედავად იმისა, რომ უკანონო ქმედებებს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო სუბიექტის ამომრჩეველთან შეხვედრის ჩაშლა, არ წარმოადგენს მისაღებ პრაქტიკას და უარყოფითად მოქმედებს ზოგადად წინასაარჩევნო გარემოზე.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ინცინდენტს შეხვედრის ჩაშლის შემდგომ მოყვა შეხლა-შემოხლა, მართალია, ფიზიკურად არავინ დაშავებულა, თუმდა დაზიანდა ხელშემშლელთა ავტომანქანა, რაც მიუთითებს, რომ ძალადობა არ იყო გამორიცხული დაპირისპირების დროულად შეწყვეტა რომ არ მომხდარიყო. შეწყვეტაში კი, სამართალდამცავ ორგანოებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართალდამცავი ორგანოების პასიურობა მიუღებელია. მათ უნდა შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყონ, როგორც შეხვედრების უსაფრთხოება, ისე, ზოგადად მშვიდი საარჩევნო გარემო“- წერია არასამთავრობოების ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება ჟურნალისტსა და მოქალაქეს შორის

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქციის დამთავრების შემდეგ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „რუსთავი2“-ის სამეგრელოს კორესპონდენტ, ემა გოგოხიასა და დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენლ, თეა ქარდავას შორის.

თეა ქარდავამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი წინა ხელისუფლების პერიოდში, ენგურის ხიდზე ტერაქტების მოწყობასა და არაერთი დანაშაულებრივი ფაქტის პროვოცირებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, ემა გოგოხიამ გუბერნატორ შონიას კაბინეტში დაგეგმილი პროვოკაციის განახორციელებაში დაადანაშაულა ქარდავა. ინციდენტი დამსწრეებმა აღკვეთეს. სამართალდამცავები არც აქ გამოჩენილან.

საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობა ზუგდიდში

5 სექტემბერს ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის – სანდრა რულოვსის ამომრჩევლებთან შევხდრისას ინციდენტი მოხდა. რამდენიმე პირი ხმაურით შეიჭრა იმ ადგილას, სადაც შეხვედრა ტარდებოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლელა ქებურიას განმარტებით, სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლას, ბექა თოდუა – „ქართული ოცნების“ აქტივისტი და მხარდამჭერები: ბერდია კუკავა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი, თენგო აბულაძე, გიორგი ჭითანავა, ლევან დავითაია, ვაჟა ღურწკაია ცდილობდნენ.

ლაშა გვასალიას განმარტებით, ჯიხაშკარის ინციდენტში მონაწილე პირები არ არიან პარტია „ქართული ოცნების“ წევრები. მისი განცხადებით, ისინი პარტიის მხარდამჭერები არიან. მან კატეგორიულად გამორიცხა „ქართული ოცნების“ კავშირი ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტთან.

ჯიხაშკარის ინციდენტის გამო, ჯერჯერობით არავინ დასჯილა.

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

კომენტარები