მოგესალმებით ფოთელებო, ლანჩხუთელებო და ოზურგეთელებო! ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მე, ფოთელი ირაკლი ხახუბია ვარ.

ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. ჩემს დიდ ოჯახთან ერთად ამ ქალაქში ვცხოვრობ. აქ მყავს საუკეთესო მეგობრები, აქ მაქვს საყვარელი საქმე.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით მომენიჭა დიდი პასუხისმგებლობა – ვიყო ჩემი მშობლიური ქალაქის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის წარმომადგენელი ქვეყნის პარლამენტში. ფოთსა და გურიას მეზობლობა გვაკავშირებს.

ფოთი ყოველთვის საზღვარი იყო გურიასა და სამეგრელოს შორის. ფოთში ყოველთვის თავს იყრიდა გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ამ ქალაქის შესაძლებლობების ყოველთვის სჯეროდა.

დღეს ფოთი ორ კუთხეს აერთიანებს. ჩვენი გუნდი, გარანტორი იქნება რომ ფოთელების, ლანჩხუთელებისა და ოზურგეთელების ოჯახებში თანაბრად შევა ყველა ის სიკეთე, რომელსაც ერთად შევქმნით.

სახელისუფლებო გუნდის მიერ, დღეს მე თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატად ვარ წარდგენილი. იმ გუნდის რომელმაც ოთხი წლის წინ შეძლო მთავარი – ყველა მოქალაქეს დაუბრუნა უპირველესი უფლება – თავისუფლება! ბედნიერი ვარ იმით,რომ ყოველ შეხვედრაზე ფოთშიც, ლანჩხუთშიც და ოზურგეთშიც თქვენგან მთავარს ვგრძნობდი – საკუთარი ქალაქის, სოფლის, მიწის, კუთხის,ზოგადად ქვეყნის და მისი მომავლის მიმართ – გულშემატკივრობას.

ნებისმიერ ასაკში დასმულ კითხვაზე – რა გინდა? მარტივი პასუხი გვაქვს დიდი შინაარსით – ყველას გვინდა ერთი-ბედნიერება! გპირდებით, რომ მოგისმენთ და გავაკეთებ მაქსიმუმს ჩემი და თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში.

8 ოქტომბერი იქნება მორიგი პასუხი კითხვაზე – გვინდა ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ცხოვრება? ჩვენ ვალდებული ვართ გავაკეთოთ სწორი არჩევანი! არჩევანი, მოქმედების, აზრის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი ერთობლივი ოთხწლიანი მონაპოვარია. ჩემთვის გურული კრიმანჭული დემოკრატიის მინიმოდელია. კრიმანჭულში ხომ ყველა ხმა თავის სათქმელს ბოლომდე და განსხვავებულად ამბობს და დგება საოცარი შედეგი. გურული მრავალხმიანობა 8 ოქტომბერს თავის სიტყვას იტყვის.

ფოთი იგრძნობს გურიის სიკეთეს და გურია – ფოთის. ჩვენ შევძლებთ ერთმანეთის გაძლიერებას.

8 ოქტომბერს ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ სიყვარულით, ცოდნით და ღირსებით. როგორც დიდი ნიკო ნიკოლაძე ამბობდა – თუ გვექნება „ერთობა, თვითმოქმედება, თვითმართველობა“ გვექნება თავისუფლებაც, სწრაფი განვითარებაც და კეთილდღეობაც!

მშვიდობას და არჩევანის გამარჯვებას გისურვებთ მეგობრებო!

ირაკლი ხახუბია

კომენტარები