ფოთში, გორგასლის ქუჩაზე, #2 და #4 ე.წ. ყოფილ სამხედრო ბინებში მცხოვრები 20-მდე ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია. როგორც ისინი ამბობენ, ათეული წლების შემდეგ შენობას „კერძო მესაკუთრე გამოუჩნდა“. მოსახლეობის მტკიცებით, სახელმწიფოს ბალანსზე მყოფი შენობა, მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა, ნანა ვეკუამ უკანონოდ, ყალბი დოკუმენტებით მიითვისა. საქმეს პროკურატურა იძიებს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე გამოსახლების პროცესი არ ჩერდება.

შენობიდან გამოასახლებული ოჯახი

რამდენიმე დღის წინ, გორგასლის #2-ში, პირველ სართულზე მდებარე ფართიდან აბულაძეების ოჯახი გამოასახლეს. ია აბულაძე ბინის ერთ ოთახში სურსათით ვაჭრობდა, უკანა მხარეს კი საცხოვრებლად იყენებდა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოჯახი პოლიციის ძალის გამოყენებით გამოსახლა.

„2008 წელს ბინა ვიყიდე დევნილ, ზვიად ლეჟავასგან, ვინაიდან მთლიანი კორპუსი პრივატიზებული არ იყო, ის საჯარო რეესტრით ვერ დავირეგისტრირე. ბინის ყიდვის შემდეგ, სურსათით ვვაჭრობდი და სალარო აპარატიც ამ მისამართზე დავარეგისტრირე. ბოლო წლებია მის დატოვებას მთხოვდა ნანა ვეკუა, რომელიც მიმტკიცებდა, რომ მთლიანი კორპუსი ჯერ კიდევ 90-იან წლებიდან მისი საკუთრება იყო. რამდენიმე დღის წინ, მისი მოთხოვნით პოლიციამ გამოგვასახლა.“- აცხადებს ია აბულაძე.

მისი თქმით, მან შენობის მფლობელის ვინაობის გასარკვევად თავდაცვის სამინისტროს მიმართა. სამინისტროდან მიღებულ წერილში განმარტებულია, რომ აღნიშნული ორი კორპუსი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იმყოფებოდა.

გამოსახლების მოლოდინში მყოფი ოჯახები ხელისუფლებას დახმარებას, პროკურატურას კი დროულ გამოძიებას თხოვენ

აღნიშნულ ორსართულიანი შენობა, საბჭოთა კავშირის დროს, რუსი სამხედროების საცხოვრებელი იყო. წლების შემდეგ, იქ ადგილობრივი მოსახლეობა შესახლდა, ნაწილი ამბობს, რომ რუსი სამხედროებისგან ბინა იმ დროს მოქმედ ვალუტაში, ნაწილის თქმით კი სიმბოლურ ფასად იყიდეს, თუმცა მისი პრივატიზაცია ვერ მოახერხეს, ვინაიდან შენობა „საბჭოთა ჯარის“ ქონებად ირიცხებოდა.

წლების შემდეგ, შენობის ავარიულობის გამო, ადგილობრივ მოსახლეობის უმრავლესობამ ბინები დატოვა. მათ ნაცვლად კი, შენობაში დევნილები შესახლდნენ. მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს პროგრამით, დევნილთა სამინისტროს მიერ, დევნილებს ალტერნატიული ბინები გადაეცათ, შენობაში ფართები გათავისუფლდა.

2009 წელს, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით, შენობაში სოციალურად დაუცველი, საცხოვრებელი ფართის არმქონე ოჯახები შესახლდნენ.

როგორც იქ მცხოვრებნი აცხადებენ, უკვე 2 წელია, ვინმე ნანა ვეკუა მათ საცხოვრებლის დატოვებას აიძულებს, შენობის პირველ სართულის ფართებს კი სურვილისამებრ ასხვისებს. მათი თქმით, ვეკუამ სახელმწიფო ქონება მიითვისა და ვინაიდან ვეკუას სახელი ფოთში, არაერთ უკანონოდ მითვისებულ ქონებასთან ასოცირდება მისი სახელი რომ არ გაჟღერებულიყო, ამიტომ მინდობილობა მარგარიტა ქანთარიას გაუკეთა, რომელიც ამჟამად ბინაში მცხოვრებ ოჯახებს მის დაცლას აიძულებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გორგასლის ქუჩაზე მდებარე #2 -#4 კორპუსები და 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთი ნანა ვეკუას საკუთრებას წარმოადგენს, რომელიც 2009 წელს დაირეგისტრირა.

საჯარო ინფორმაციით, ვეკუამ ქონება საკუთრებაში 1996-1998 წლების დოკუმენტების: თვითმმართველი ქ. ფოთის მერიის განკარგულების და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა.

დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული საკუთრება გენერალური მინდობილობით ნანა ვეკუამ მარგალიტა (მაკა) ქანთარიას გადასცა. ბინიდან გამოსახლებაც, ქანთარიას განცხადების საფუძველზე განხორციელდა.

ქანთარიას განცხადებით, მას ვეკუასთან რაიმე სახის ახლობლობა არ აკავშირებს. მისი მტკიცებით, მან მთლიანი კორპუსი ვეკუასგან შეიძინა, თუმცა ვინაიდან ბინა ოპოთეკით იყო დატვირთული ის საკუთრებაში არ დაირეგისტრირა.

როდის და რამდენად იყიდა ქანთარიამ ვეკუასგან ქონება კონკრეტულად არ ასახელებს. მისი თქმით, ბინას ნაწილ-ნაწილ ყიდულობდა და თანხასაც ასე უხდიდა.

„ჯამში, დაახლოებით, 50 ათასი მაქვს ვეკუასთვის გადახდილი. მაგრამ რადგან ბანკში აქვს ჩადებული, საკუთრებაში არ გადმოვიფორმე და საკუთრებაზე წვდომა, რომ მოქნოდა ამიტომ გენერალური მინდობილობა გამიკეთა“ – აცხადებს TSpress – თან საუბარში ქანთარია, თუმცა საჯარო რეესტრის მიხედვით, ეს საცხოვრებელი კორპუსი დარეგისტრირებულია, როგორც მიწის ნაკვეთი- 775.00 კვ.მ. ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიწაზე მიმაგრებული შენობის საცხოვრებლად გამოყენება მისი ავარიულობის გამო დაუშვებელია. დასკვნის მიხედვით, შენობის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო. ფართი ამჟამად ვეკუას „საქართველოს ბანკში“ იპოთეკით აქვს დატვირთული.

რეესტრის ინფორმაციით ირკვევა, ასევე მაკა ქანთარიას მეუღლის, გიორგი კუპრეიშვილის საკუთრებაშია გორგასლის ქუჩაზე #2 და #4 კორპუსებს შორის მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის მფლობელიც ნანა ვეკუა იყო. ქანთარაის თქმით, მიწის ნაკვეთიც ვეკუასგან იყიდა. ასევე ქანთარაის მეუღლის საკუთრებაშია, #4 კორპუსში 3 ბინა, სადაც ამჟამად სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ და მისი გამოსახლება მან უნდა მოითხოვოს.

რა მიზნით ყიდულობდა წლების განმავლობაში ნანა ვეკუასგან საპრობლემო ბინებს, სადაც სოციალურად დაუცველები ცხოვრობდნენ და რომელთა გამოსახლება პრობლემა იყო, რამდენად იყიდა ჯამში 3 ბინა, ქანთარია თავიდან კომენტარზე თავს მხოლოდ ერთი მიზეზით იკავებდა „ძაან არ იყვიროს ნანასთვის (ვეკუა) ამ ყველაფერმა, ამიტომ ვიკავებ თავს“ – აღნიშნა მან, თუმცა განმარტა, რომ 3 ბინაში 20 ათასი დოლარი გადაიხადა, რომელიც ასევე მისი მტკიცებით, ვეკუას პირად ანგარიშზე ჩაურიცხა. ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები მას არ წარმოუდგენია.

TSpress – ი რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა ნანა ვეკუასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. მას ტელეფონის ნომრები გათიშული აქვს. ის, არც მის საცხოვრებელ მისამართზე დაგვხდა. მეზობლების თქმით, მათ ვეკუას საკონტაქტო ნომერი არ აქვთ და გადასცემდნენ ჩვენ თხოვნას, რომ დაგვკავშირებოდა, თუმცა ის კომენტარისთვის არ დაგვკავშირებია.

რა ქონებას ფლობს ნანა ვეკუა ფოთში, როდის და რა დოკუმენტების საფუძველზე ირეგისტრირებდა სახელმწიფო ქონებას საკუთრებაში?!

ნანა ვეკუა 90-იან წლებში ფოთის მერიის საფინანსო სამსახურში მუშაობდა, 2008-2009 წლებში, ქონების მართვის სააგენტოში. საჯარო რეესტრის მონაცემებით ის ფოთში, რამდენიმე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს. Companyinfo – მონაცემებით კი, ვეკუა შპს „ინტერტერმინალი-ფოთი“ და შპს „რეას“ 100% წილის მფლობელია. რიგ შემთხვევაში აღნიშნული შპს-ე ბის სახელზეა შეძენილი ქონება.

ყველა ქონება საკუთრებაში 1996-1998 წწ დოკუმენტების, იმდროინდელი ხელისუფლების, თანამდებობის პირების განკარგულების საფუძველზე აქვს დარეგისტრირებული და უმრავლესობა იმ პერიოდში, როცა თავად ქონების მართვის სააგენტოში მუშაობდა.

2008-2016 წწ ნანა ვეკუას სახელზე შემდეგი ქონება ირიცხება, რომელსაც წლების განმავლობასი სურვილისამებრ ასხვისებდა ან იპოთეკით ტვირთავდა.

ვაჟა ფშაველას #17 , შენობით და 599 კვ.მ მიწის ნაკევთით

გორგასლის ქ.#2 – არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი – 775.00 კვ.მ.

გორგასლის ქ. # 4 – შენობა- ნაგებობა და მიწის ნაკევთი

გორგასლის ქ. არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი – 1750 კვ.მ

ლარნაკას ქუჩა, არსასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი 976 კვ.მ

გურიის 191 – არასასოფლო სამეურნეო მიწა – 4250. 1, 2 შენობა ნაგებობა (თანსაკუთრებაში)

გურიის ქუჩის მიმდებარედ -მიწის ნაკვეთი – 1000 კვ.მ.

მდ.რიონის მარცხენა სანაპირო – 601 კვ.მ – ნაზი ვეკუა (ნანა ვეკუას ოჯახის წევრი)

ნანა ვეკუას იურიდულ მისამართი ვაჟა ფშაველას 19 , საკუთარი საცხოვრებელი სახლი აქვს.

2016 წლის 25 ოქტომბერს ნანა ვეკუამ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კიდევ ერთი ქონების დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართა. ის გურიის ქუჩაზე მიმდებარედ დაახლოებით 60000 ჰე მიწის მის საკუთრებაში დარეგისტრირებას ითხოვდა. აქაც 1996-1998 წწ დოკუმენტები წარადგინა. სააგენტომ ქონების დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა.

TSpress – ს რამდენიმე ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელე ესაუბრა, რომლებიც ასევე ვარაუდობენ, რომ ვეკუა წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონებას გაყალბებული დოკუმენტებით ითვისებდა.

„ეს არ არის დამტკიცებული ფაქტები, არის ეჭვები და ვარაუდები“- ამ მიზეზით ისინი ღიად ოფიციალურ კომენტარისგან თავს იკავებენ.

ერთ- ერთი მათგანი განმარტავს, რომ არსებობს ქონებები, რომლებიც შესაძლოა არცერთი სახელმწიფო უწყების ბალანსზე არაა, ან რეგისტრირებული არაა, თუმცა ის სახელმწიფოს კუთვნილებას წარმოადგენს.

მისი თქმით, ვეკუა სწორედ ასეთ ქონებებს ითვისებს, ან ხშირ შემთხვევაში ედავება სახელმწიფოს.

„წინა წლებში ასევე იყო საუბარი, ფოთის პორტში, ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარედ მიწის ფართის გასხვსიებაზე, შემოიღობა კიდეც ტერიტორია, მერე ვეკუამ დაიწყო დაავ, რომ მას აქვს რაღაც 97 წლის დოკუმენტი რომლითაც დასტურდება, რომ ეს მისი საკუთრებაა და უნდა დაირეგისტრიროს მის სახელზე.

თითოეული მათგანი ეჭვობს და ყვება, რომ შესაძლოა ვეკუას 90 წლებში მერიის ბლანკიანი ქაღალდები და ბეჭედი აქვს, რომელსაც საჭიროებისამებრ იყენებს

„მას აქვს ალბათ ეს ბეჭედი, თავიდანვე იყო ლაპარაკი, რომ ზუსტად 1997-1998 წელს დაიკარგა ეს ბეჭედი, ამ დრომდე არ არსებობს 90 წლების ბეჭდის გაუქმების ოქმი და შესაბამისი ბრძანება. იმ ბრძანებების და განკარგულებების ასლებიც რის საფუძველზეც ირეგისტრირებს ქონებებს არ მოიძებნება. საარქივო დოკუმენტებსი ნაწილი განადგურებულია, არქივი დაიწვა და ამ მხრივ ფოთში დიდი პრობლემაა. მეორე მომენტია, რომ იმ პერიოდში ვალუტის გაუფასურების და ინფლაციის დროს ირეგისტრირებდა ამ ქონებებს, როცა ისედაც მის ხელში იყო. წლები მუშაობდა ამ სისტემაში და იცის დეტალები, რის გამოც ახერხებს დოკუმენტებით თამაშს.“- განმარატვს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

პროკურატურის პოზიცია

საქმის გამოძიების მოთხოვნით გამოსახლების პირას მყოფმა ოჯახებმა პროკურატურას განცხადებით უკვე წლებია მიმართეს. საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება, შედეგი ჯერ არ დამდგარა.

„პროკურორი გვეუბნება, ვიცი, რომ გაყალბებულია დოკუმენტები, ვიცი რომ უკანონოდ აქვს გაკეთებული, მაგრამ ვერაფერს გადიან, ვერ ამტკიცებენ თუ რა ხდება ვერ გავიგეთ. ჩვენ ველოდებით პროკურატურის დასკვნას, რომ მერე სასამართლოს მივმართოტ, გავასაჩივროთ და სხვა ზომები მივიღოთ“- აცხადებს ია აბულაძე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები