7 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობა გაუქმდა. საკითხის განხილვას ადგილობრივ საკრებულოში დიდი ვნებათაღელვა ახლდა, თუმცა უმრავლესობამ აუქმებას მხარი მაინც დაუჭირა. რას კარგავს ზუგდიდი? რატომ დაუჭირეს მხარი ადგილობრივმა თვითმმართველებმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას? რატომ სურთ მათ ცენტრალიზებული მართვა და არა თვითმმართველობა? რატომ არ დაეკითხნენ მოსახლეობას? – ამ და სხვა საკითხებზე ზუგდიდის მიუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა საუბრობს TSpress- თან:

– ხართ თუ არა მომხრე მთავრობის გადაწყვეტილების, თვითმმართველობების გაუქმების შესახებ? რატომ?

– მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თვითმმართველობის გაუქმებაზე მომხრე ვიყავი. ანუ თვითმმართველობის გაუქმებაზე კი არა, ორი მუნიციპალიტეტი რომ გაერთიანებულიყო _ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთ მუნიციპალიტეტად ქცეულიყო, ამისი მომხრე ვიყავი, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ თავის დროზე, როცა 2014 წელს რეფორმა ტარდებოდა, მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც იყო წინააღმდეგი ამ მუნიციპალიტეტის გაყოფის.

– 2014 წლიდან მოყოლებული, რაც თვითმმართველობა შემოიღეს, გაიზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი თუ შემცირდა?

– ადგილობრივი ბიუჯეტი ორივე მუნიციპალიტეტის არსებობის შემთხვევაში გაიზარდა. იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ბიუჯეტი ქონდა ქალაქს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს. ვიდრე მანამდე არსებულ ერთ ბიუჯეტს. მაგრამ 2014 წლის შემდეგ, დინამიკა ბიუჯეტის გაზრდისა მთლიანად არა მარტო ამ მუნიციპალიტეტში, არამედ, ყველა ბიუჯეტში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიზარდა.

– საკუთარი შემოსავალი თუ გაიზარდა და თუ გაიზარდა, რის ხარჯზე?

– არაფინასური აქტივებისგან და ქონების გადასახადისგან. რა თქმა უნდა, გაერთიანების შემდეგ უფრო მეტად გაიზრდება, იმიტომ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ანაკლიის პორტი შენდება და იქიდან შემოვა საკუთარი შემოსავლებიც.

– ცენტრალურ ხელისუფლების არგუმენტია, რომ არ გაამართლა თვითმმართველობებმა, ანუ იყო მხოლოდ ზედმეტი ხარჯი და ბიუჯეტის შემოსავალი არ გაზრდილა. ეთანხმებით თუ არა და როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაამართლა?

– ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მთლიანობაში მაინც აღიქმება ერთ მუნიციპალიტეტად. ამიტომ გაორებული სამსახურების შექმნამ გამოიწვია ზედმეტი ხარჯები. ხარჯები არა მარტო სახელფასო ნაწილში, არამედ ასიგნების ნაწილშიც, რა თქმა უნდა, მაგრამ არის მივლინებების ხარჯები, საწვავის ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები. ანუ ორივე მუნიციპალიტეტს დააწვა ზედმეტი ხარჯები და ამიტომ გაერთიანების შემთხვევაში, ხარჯები დარჩება, მაგრამ სხვა მიმართულებით იქნება გამოყენებული.

-თვითმმართველობის მოწინააღმდეგებს არგუმენტად ასევე მოყავთ დუბლირებული სამსახურები თემსა და ქალაქში. კონკრეტულად რომელი სამსახურები იყო ასეთი და თქვენი დათვლით, რა იზარალა ბიუჯეტმა?

– დათვლით სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია, მაგრამ არის რამდენიმე ათასი… ბიუჯეტის ზარალი რა არის, იცით? აი, ის შეიძლებოდა სხვა მიმართულებით მიმართულიყო ის თანხა, რომელიც დუბლირებულ სამსახურებს ქონდათ. დავუშვათ, ასეთი სამსახურები – სასაფლაოების მართვის ცენტრი, ა.ა.ი.პ ბიბლიოთეკა ან ბიბლიოთეკების ცენტრი, ბაღების ცენტრი, აი, ეს სამსახურები, რომლებისთვის ერთ სამსახურს გაეწია მომსახურეობა შეიძლებოდა. ამიტომ, ორი სამსახური რომ შეიქმნა, რა თქმა უნდა, ბიუჯეტმა ამით იზარალა. და მეორე შემთხვევა: ჩვენ ვიცით ერთი მაგალითი – ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აქვს ერთი სამსახური, რომელსაც ზუგდიდდასუფთავება ქვია, რომელიც ორივე მუნიციპალიტეტს ემსახურებოდა და ეს ის სამსახურია, რომელიც მთელს საქართველოში თვალსაჩინო სამსახურია და რომელმაც გაამართლა. არ იყო დაყოფილი, მაგრამ ის ზუგდიდდასუფთავება მუნიციპალიტეტსა და მერიას კეთილსინდისიერად და სერვისების მხრივ კარგად ემსახურებოდა.

– რატომ არ წახვედით მაშინ იმ გზით და რატომ არ გააკეთეთ მაშინ დუბლირებული სამსახურების გაერთიანება?

– თავის დროზე, როცა რეფორმა გატარდა, 2014 წელს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ყველა თავისთავად დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი ვიყავით და ქალაქის მერია დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი იყო. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნიეთ ისე, რომ ყველას გვქონოდა დამოუკიდებელი სამსახურები. მაგრამ პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ შეიძლებოდა ამ ერთ სამსახურს გაეწია ორივესთვის მომსახურება.

– იქნებ ეს დაგვიანებით რომ ნახეთ, ამის ბრალიც არის ის, რომ დღეს უკმაყოფილო არის მთავრობა თვითმმართველობაში საკუთარი რეფორმებით?

-არა, მთავრობა არ არის საკუთარი რეფორმებით უკმაყოფილო. თავის დროზე, ჩემი სუბიექტური აზრია, ადმინისტრაციული ცენტრების ერთეულები არ უნდა ყოფილიყო დაყოფილი ორ თვითმმართველ ერთეულად. მარტო ზუგდიდზე არ არის საუბარი. აქ საუბარია ოზურგეთზე, ამბროლაურზე, ახალციხეზე. ზუგდიდი კი ბატონო, ამომრჩეველთა რაოდენობით ყველა იმათზე აღებულზე დიდია, მაგრამ არის ამბროლაური, რომელიც რაჭის ადმინისტრაციული ერთეულის, ანუ სამხარეო ადმინისტრაციის ცენტრია და წარმოიდგინეთ, მისი ამომრჩეველი შეადგენს 2000-ს. თვითმმართველობა არ ნიშნავს იმას, რომ, რაც უფრო მეტად დაქუცმაცებული და დანაწევრებული იქნება მუნიციპალიტეტი. მე მგონი, უფრო მეტი უფლებამოსილებაა თვითმმართველობა. რაც უფრო მეტი უფლებამოსილება ექნება ადგილობრივ ხელისუფლებას, ეს არის თვითმმართველობა.

დეცენტრალიზაცია არის, რაც უფრო მეტი უფლებები ექნება ადგილობრივ გამგებელს, ანუ არჩეულ მერს (მომავალში), არჩეულ საკრებულოს. თქვენ იცით, რომ ამ მომავალი რეფორმით, რომელიც ახლა განხორციელდება, უფრო მეტი უფლებამოსილება ექნება საკრებულოს, ეზრდება უფლებამოსილება წარმომადგენლობით ორგანოს. ანუ მეტი სიახლოვე მოსახლეობასთან, მეტი სიახლოვე ამომრჩეველთან. ადგილზე უნდა გადაწყდეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ეს არის უფრო მეტი თვითმმართvელობა და დეცენტრალიზაცია, ვიდრე დავანაწილოთ მუნიციპალიტეტი რამდენიმე ერთეულად.

უფრო მეტსაც გეტყვით, 2014 წელს, როცა ამ რეფორმაზე საუბარი იყო, სამთავრობო კომისია რომ დადიოდა და მოსახლეობასთან ქონდა შეხვედრა, ჩვენ და რამდენიმე ჯგუფი ადამიანებისა, მაშინ საკრებულოს წევრი არ ვიყავი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი იმისა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დაყოფილიყო. უფრო მეტსაც გეტყვი, დავამატებ იმას, რომ თავის დროზე, 2014 წელს ზუგდიდის ორად გაყოფა კი არა, რამდენიმე ერთეულებად უნდოდათ ზუგდიდის დაყოფა, რომლის წინააღმდეგი მაშინაც მე და ჩემი მეგობრები ვიყავით, მაგრამ დღეს, როცა დადგა სიტუაცია გაერთიანებისა, ჩვენ, საკრებულომ და როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, მხარი დავუჭირე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას.

-როდესაც მუნიციპალიტეტის დაშლისა და ქალაქის სტატუსის საკითხი განიხილებოდა, ხელისუფლების, თვითმმართველობის მაშინდელი წარმომადგენლები დადიოდნენ კარდაკარ და აგროვებდნენ ხელმოწერებს ამ რეფორმის მხარდასაჭერად, იყო ძალიან აქტიური ჩართულობა. როგორ ფიქრობთ, დღეს, როდესაც მაშინდელი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღება, რატომ არის ასეთი სუსტი ჩართულობა და რატომ არ აქტიურობს ხელისუფლება ადგილობრივ დონეზე?

– ჩვენ თემში მართლა გვქონდა. სოფლის კრებები იმართებოდა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში. როცა სოფლის კრებები ტარდებოდა და იქ თემებზე იყო საუბარი, რასაც ქვია ადმინისტრაციულ ერთეულში რა პრიორიტეტები უნდა დასახულიყო და რა პროექტები უნდა განხორციელებულიყო, პარალელურად ჩვენ ვეკითხებოდით ადამიანებს, ისინი მომხრენი იყვნენ თუ არა გაერთიანების. მერწმუნეთ, ვისაც შევხვდი, არ ვამბობ მთლიანად მოსახლეობის, იმ ადამიანების 80%-ს…

– რომელ თემში შეხვდით? თქვენ პირადად, რომელ თემში გქონდათ შეხვედრა?

– ფაქტიურად ყველა თემში ვიყავით. ჩვენ და იმ მოსახლეობის უმრავლესობა აფიქსირებდა და მომხრე იყო გაერთიანების. და რატომ, იცით? უბრალოდ, ერთი რაღაცის გამო… მათ არ ჭირდებოდათ ამდენი ჩინოვნიკი, მათ არ ჭირდებოდათ ზედმეტი ხარჯები, ბიუჯეტის ხარჯზე ამდენი დასაქმებული ადამიანი. უფრო მეტად მათ ჭირდებოდათ, რომ ეს ხარჯები გამოთავისულებულიყო ბიუჯეტიდან და მიმართულიყო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და ჯანდაცის პროექტებზე.

– ამ დროს, მე პირადად, ჩავატარე გამოკითხვა. სადღაც, 3-4 დღე თითქმის ქალაქში დავდიოდი, სოფელშიც ვიყავი გასული და იქაც გავაკეთე გამოკითხვა. დაახლოებით, 90%-ზე მეტი იყო წინააღმდეგი გაერთიანების.

– სულ სხვა რაღაცაა. ისინი იყვნენ წინააღმდეგი ერთი რაღაცის – მათ ეშინოდათ, რომ ქალაქ ზუგდიდს არ ექნებოდა სტატუსი. იგივე სოფელშიც. ვისაც ხვდებოდი, ისინი ამბობდნენ, რომ ქალაქს არ ექნებოდა ქალაქის სტატუსი. არადა, თქვენ კარგად იცით, რომ თვითმმართელობაში მკაფიოდ წერია, 3 ტიპის დასახლება გვაქვს – ქალაქი, დაბა და სოფელი. ანუ, მოსახლეობა არ იყო იმ დონზე ინფორმირებული. ყველა ამბობდა, რომ თვითმმართველობა, ანუ ქალაქს არ ექნებოდა თვითმმართელობის სტატუსი. ამაზე იყო მოსახლეობა წინააღმდეგი, მაგრამ როცა ინფორმაცია კარგად იქნა მიტანილი, ყველამ კარგად გაიგო – იქ არ იყო საუბარი გაერთიანება არ მომხდარიყო. ყველა იყო მომხრე გაერთიანების, მაგრამ ზუგდიდს უნდა ქონოდა ქალაქის სტატუსი და ზუგდიდს აქვს ქალაქის სტატუსი.

-მე რაც დავუსვი კითხვა, იქ ზუსტად გაერთიანებაზე იყო საუბარი და აბსოლუტური უმრავლესობა ამბობდა, რომ უნდა ყავდეს ქალაქს ცალკე მერი და სოფელს ცალკე გამგებელი. ანუ, ჩემს შემთხვევაში ასე იყო, გამოკითხვა როდესაც გავაკეთე. NDI-ც იგივეს ამბობს თავის კვლევებში.

-ყველას თავისი კვლევა აქვს და ვინც იკვლევს, თავის კვლევას დებს.

-მათ დადეს ეს კვლევა და თქვენი კვლევა დადეთ?

– ჩვენი კვლევა ის არის, რომ ჩვენ ვხვდებოდით ადამიანებს უშუალოდ და არა კვლევით. კვლევას თუ უწოდებთ ამას, შეხვედრის დროს იყო ამაზე საუბარი და მერწმუნეთ, რომ უმრავლესობა აღტაცებით და სიხარულით ხვდებოდა იმას, რომ… ოღონდ ერთი რაღაცა, ქალაქის სტატუსი არ გაუქმებულიყო და გაერთიანებაზე არავინ არ მსჯელობდა. გაერთიანება იქნება-არ იქნება, გაერთიანება იყოს, ოღონდ ქალაქის სტატუსი! ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ზუგდიდს ქალაქის სტატუსი რჩებოდა…

მასალა ქვეყნდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის “თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

კომენტარები