„მე გეტყვით პირდაპირ. მე დავუჭირე მხარი რეფორმას, რომელიც ხორციელდება და ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა ბოლომდე დავრჩი ჩემს მოსაზრებაზე, რომელიც იციან ჩემმა კოლეგებმა, ვიყავი მომხრე შეგვენარჩუნებინა ის მოდელი, რომელიც არსებობდა. ამავე დროს, სულაც არ ვფიქრობ, რომ ტრაგედია მოხდა“- განაცხადა დეპუტატმა ქვარაიამ, რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობასთან ანგარიშის წარდგენისას.

დეპუტატის ყოფილი კოლეგები – ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ნაციონალი წევრები – რომლებიც იმ დროს აღფრთოვანებით უჭერდნენ მხარს მუნიციპალიტეტის დაშლას და თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენას, ერთ-ერთ ხმაურიან სხდომაზე, გაშმაგებით შეეცადნენ სრულიად საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გატანას კენჭისყრაზე.

თვითმმართველობის გაუქმებას კი სწორედ ის პოლიტიკური ძალები ეწინააღმდეგებიან, რომლებმაც 2006 წელს თვითონ წაართვეს ქალაქს თვითმმართველის სტატუსი. იქმნება აბსურდული სიტუაცია, როცა ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი რეფორმის უშედეგობა, ოპოზიციამ კი ლამის მთელი დრო და რესურსი დაუთმოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმის შედეგიანობის მტკიცებას.

თვითმმართველობის თვითგაუქმება

2017 წლის 22 მაისს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველად გაიტანეს ქალაქის განვითარებისთვის ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი – მთავრობის მიერ წერილობით შემოთავაზებული წინადადება, ორი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გაერთიანებისა და ქალაქ ზუგდიდში თვითმმართველობის გაუქმების შესახებ. ამ წინადადების მოწონებით ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა დაედასტურებინა, რომ იწონებდა საკუთარი თავის გაუქმებას.

საკრებულოს უმრავლესობამ, ხმაურის და საპროტესტო შეძახილების ფონზე, მაინც მიიღო მთავრობის წინადადება. მოქალაქეთა ყველა მცდელობა, შეეჩერებინათ მათ თვალწინ მიმდინარე ხარაკირის პროცესი, უშედეგოდ დამთავრდა.

თუმცა, პროტესტს მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია. სხდომის ოქმში გაკეთდა ჩანაწერი, რომლითაც საკრებულო აცხადებდა, რომ მართალია, მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, მაგრამ იმ პირობით თუ ზუგდიდი თვითმმართველ ქალაქად დარჩება. ეს ჩანაწერიც, ექსპერტების შეფასებით და ნაწილობრივ, თვითმმართველობის წევრების აღიარებითაც, კანონთან შეუსაბამომის გამო, არაკომპეტენტური აღმოჩნდა. საბოლოოდ, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ერთდროულად ეწინააღმდეგება მოსახლეობის ნებას, კანონს და საღ აზრს.

არგუმენტები და კონტრარგუმენტები

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, მედიის, არასამთავრობოების და რიგითი მოქალაქეების აქტიურობის შედეგად, რეფორმის განხილვები არ შემწყდარა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, “ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” და ინტერნეტგამოცემა Tspress.ge-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, საკრებულოს წევრმა, თაზო ფაცაციამ განაცხადა, რომ “ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ამას(გაერთიანებას) მოიწონებდა თუ არ მოიწონებდა, გადამწყვეტი ფუნქცია ამას არ ექნებოდა, იმიტომ, რომ სამთავრობო კომისია მაინც მიიღებდა ამას”.

თუმცა, ექსპერტმა, ლადო სანიკიძემ იმავე შეხვედრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება კანონსაც ეწინააღმდეგებოდეს, რადგან უმაღლესი თანამდებობის პირებს არ აქვთ საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილება, მაგრამ ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ამავე შეხვედრაზე, თაზო ფაცაციამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას უჭერდნენ მხარს, მაგრამ იმ პირობით, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დარჩენილიყო თვითმმართველად და იქვე განმარტა, რომ აცნობიერებენ ამ პირობის განხორციელების შეუძლებლობას.

რატომ გააკეთეს ჩანაწერი, რომლის აღსრულებაც შეუძლებელი იყო? ექსპერტ ირაკლი მელაშვილის შეფასებით, ჩანაწერი არაკომპეტენტური და კანონთან შეუსაბამოა.

ოპოზიციის ერთ-ერთი არგუმენტი ეხება ადგილობრივი შემოსავლების ზრდას. დაყოფის შემდეგ მუნიციპალიტეტებში საკუთარი შემოსავალი თითქმის 300% -ით გაიზარდა, რაც ზუგდიდისთვის და მთელი ქვეყნის მასშტაბითაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ეს მაშინ, როცა 2014 წლამდე მნიშვნელოვანი შემცირების დინამიკა ფიქსირდება. 2009 წელს მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები 9 მილიონ ლარს შეადგენდა, 2013 წელს კი 5 მილიონამდე იყო ჩამოსული.

რეფორმის შემდეგ, პირველივე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტი 2 მილიონით გაიზარდა, წელს კი ორივე მუნიციპალიტეტის ჯამურ შემოსავალს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერის გარეშე, თითქმის 15 მილიონამდე ელოდებიან.

წელი

2009

2010

2011

2012

2013

საკუთარი შემოსავალი

9 022 000

7 330 700

7 340 200

4 979 100

5 038 000

წელი

2015

2016

2017 (გეგმა)

საკუთარი შემოსავალი

7 334 700

9 810 200

14 795 500

ზუგდიდის თემის საკრებულოს თავმჯდომარის, მაიზერ ნანავას მტკიცებით, შემოსავალი, მართალია გაიზარდა, მაგრამ დუბლირებული სამსახურების და მივლინებების გამო, ხარჯებმაც მოიმატა, ეფექტურობა კი არ გაზრდილა. მისი აზრით, დღემდე ყველაზე ეფექტიანად რჩება “ზუგდიდდასუფთავების” სამსახური, რომელიც 2014 წელს, მუნიციპალიტეტის გაყოფის შემდეგაც ერთიანი დარჩა.

“გაყოფისას მივიჩნიეთ, რომ ჯობდა ყველას ქონოდა დამოუკიდებელი სამსახურები, მაგრამ პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ამ ერთ სამსახურს შეიძლებოდა გაეწია ორივესთვის მომსახურება”, თუმცა, რატომ არ გააკეთეს იგივე სხვა სამსახურებთან მიმართებაშიც, კითხვად რჩება.

“ასეთ ვითარებაში ყოველთვის ჯობია, ქალაქი და სოფელი ცალ-ცალკე იყოს და ცალკე დაიგეგმოს ბიუჯეტები. თუკი რაიმე ერთობლივი საქმიანობა აქვთ განსახორციელებელი, შესაძლებელია მისი ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის ფორმატში გაკეთება. მაგალითად, როგორც დასუფთავების სამსახური აქვთ ერთიანი, ასევე შეიძლება სხვა სამსახურების გაერთიანებაც, “- ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი.

ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი ასევე ეხებოდა მოქალაქეთა არასათანადო ჩართულობას. თუმცა, რამდენად მზად არის საკრებულო მოქალაქეთა ჩართულობისთვის, განსხვავებული ხედვების მიღებისთვის და ამ ხედვებზე მსჯელობისთვის, მაშინ , როცა საკრებულოში განსხვავებული ხედვები და დებატები საკრებულოში იკრძალება.

აპრილის თვეში, საკრებულომ თანამდებობიდან გადააყენა თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა. გადაყენების უფლება, რა თქმა უნდა, სწრაფადვე დაასაბუთეს თვითმმართველობის კოდექსის 36-4 მუხლით, რომლის თანახმადაც “მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე”, მაგრამ ეჭვს იწვევს არა გადაყენების უფლება, არამედ მიზეზი.

საკრებულოს თავმჯომარე ნატალია შეროზიამ ამავე სხდომაზე განაცხადა, რომ გიორგი თოდუას «ხედვები, მიზნები და ამოცანები, “სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად, აბსოლუტურად განსხვავებულია” მათი გუნდის ხედვების, მიზნებისა და ამოცანებისგან.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის კითხვაზე, თუ რაში გამოიხატება ეს განსხვავებულობა, ნატალია შეროზიამ უპასუხა – “დებატების უფლება თქვენ არ გაქვთ”… შეროზიამ თანამდებობიდან გათავისუფლება “განსხვავებული ხედვით” ახსნა და გათავისუფლების მიზეზზე შეკითხვის დასმის უფლებაც შეზღუდა. tps://www.youtube.com/watch?v=iFF6ORs10GY

საკრებულო vs საზოგადოებრივი აზრი

ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება დავის საგანი, რა ჯობია – ასეთ საკრებულოს მეტი უფლებები ქონდეს თუ ნაკლები? ზემოთ ხსენებულ შეხვედრაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე სოსო ლაგვილავა ამბობს: “დღეს, ყველა ეს საკითხი, რომელზეც ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, შეჯერებულია, გაჯერებულია, გადაცემული არის, პარლამენტმა და საკრებულოებმა მიიღეს. ახლა საკონსტიტუციოში არის. ხომ არის? აი, დაველოდოთ მაშინ, ხომ?” რითაც, პრაქტიკულად, პირდაპირ ამბობს, ყველაფერი «ზემოთ» წყდება და ხალხი დიდად თავს ნუ შეიწუხებს საჯარო განხილვებითა და კითხვების დასმით. მისი თქმით, “უნდა იყოს ერთნაირი ხედვა, ამ საკითხთან დაკავშირებით”. https://www.youtube.com/watch?v=CKfwUuPbQos

მოსახლეობის აზრი საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებს არც უკითხავთ. თუმცა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა აცხადებს, რომ პირადად ხვდებოდა მოსახლეობას და ვისაც შეხვდა, ყველა აღფრთოვანებული იყო დღევანდელი რეფორმით. NDI-ს მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევაში კი სხვა სურათია: “მოქალაქეთა მხოლოდ 2 პროცენტი დაესწრო საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს. ამას გარდა, იმ მოქალაქეებიდან, ვისაც სმენია ამ პროცესის შესახებ, მხოლოდ 6 პროცენტი ამბობს, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს; 47 პროცენტის აზრით – ნაწილობრივ ასახავს, 32 პროცენტის თქმით კი – საერთოდ არ ასახავს.”

TSpress-ს მიერ ზუგდიდში ჩატარებულმა გამოკითხვამ, საკრებულოს თავმჯდომარისგან სრულიად განსხვავებული სურათი მოგვცა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუნიციპალიტეტების გაერთიანების წინააღმდეგია და მათ უფრო მეტი ეფექტურობისთვის ქალაქისა თუ სოფლის პრობლემების გადაჭრა ადგილზე სურთ.

იგივე განწყობაა სხვა გაუქმებულ თვითმმართველ ერთეულებშიც, რაც Tspress-ის და პარტნიორი მედიაორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებშიც აისახა. გამოკითხვებშიც აისახა. ჯამში, 4 მუნიციპალიტეტში გამოკითხული 100 რესპოდენტიდან მხოლოდ ექვსმა გასცა დადებითი პასუხი კითხვაზე – ემხრობოდნენ თუ არა მუნიციპალიტეტების გაერთიანებასა და თვითმმართველობის გაუქმებას?

https://www.youtube.com/watch?v=eRoZPRq8fzU

https://www.youtube.com/watch?v=1BdBiJJ1920

https://www.youtube.com/watch?v=jffD-Hfv3eA

მოქალაქეთა უმრავლესობას სურს, რომ ქალაქს ყავდეს თვითმმართველობა. ადმინისტრაციის ადგილზე არსებობის სურვილი ერთია. სხვა საკითხია, რამდენად აქვს მოსახლეობას ნების გამოხატვის და რეალიზაციის შესაძლებლობა?

ასეთი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, კანონით გათვალისწინებულია, მაგრამ რატომ არ მუშაობს, ეს ალბათ საფუძვლიანი ანალიზის და შესწავლის საგანია. ჩვენს მიერ გამოკითხულთა დიდი ნაწილი უკმაყოფილო იყო არასათანადო ჩართულობით. მოქალაქეებს აქვთ შეგრძნება, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება.

უკეთ ინფორმირებული და სათანადოდ ჩართული არასამთავრობოების წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მიერ დასახელებული არგუმენტები სერვისების ხელმისაწვდომობასთან, მოქალაქეთა ჩართულობასთან და ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-ს ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის, არჩილ თოდუას აზრით, თვითმმართველობების გაუქმება და მუნიციპალიტეტების გაერთიანება არ არის ამ პრობლემების მოგვარების გზა.

ორგანიზაცია “საუნჯეს” წარმომადგენლის, ეგნატე შამუგიას აზრით, “პროცესის მიმდინარეობიდან და იქ გამოთქმული აბსურდული არგუმენტებიდან გამომდინარე, კარგად გამოჩნდა, რომ მოიწონეს ის დოკუმენტი, რომელიც წაკითხულიც კი არ ჰქონდათ. ამ ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გადაწყვეტილება ზეწოლის ფონზე იყო მიღებული”.

რა დაკარგა ზუგდიდმა?

მოსახლეობის ერთი ნაწილი თვლის, რომ ზუგდიდმა დაკარგა “ქალაქის სტატუსი” და ისინი “ქალაქელობას” კარგავენ. მეორე ნაწილი კი იმ უფლებების და შესაძლებლობების დაკარგვას ვერ ეგუება, რომელსაც თვითმმართველობის გაუქმებასთან ერთად კარგავს.

სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის წარმომადგენელი ციცინო შენგელია მიიჩნევს, რომ მოსახლეობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული, მთელი აქცენტი გადატანილია სტატუსზე და ამ დროს, მთავარი ყურადღების მიღმა რჩება. “ყველას ჰგონია, რომ ქალაქმა დაკარგა “ქალაქის სტატუსი” და ახლა გვეუბნებიან, რომ ქალაქს შევინარჩუნებთ და ტაშს უკრავენ. არცერთმა არ იცის, რომ ზუგდიდმა თვითმმართველობა და დამოუკიდებლობა დაკარგა; ის, რომ დამოუკიდებლად შეუძლია სახსრების მართვა; ის, რომ დამოუკიდებლად შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა. ბოდიში, მაგრამ ქალაქ ზუგდიდს დავუძახებთ თუ შტატ ზუგდიდს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ მას თვითმმართველობა არ ექნება”- ამბობს ციცინო შენგელია.

რეფორმის შემდეგ, ზუგდიდი აღარ იქნება თვითმმართველი ქალაქი, რაც იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად ვეღარ შეძლებს საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვას და ქალაქის საჭიროებებზე, ქალაქისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე მის ორიენტირებას. საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ფორმირებაში მონაწილეობისას, ქალაქის მოსახლეობა იძულებული ხდება დაეკითხოს თემის მოსახლეობას, თემისა კი – ქალაქისას, ორივე ერთად კი ცენტრის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს, რამაც შესაძლოა ორივეს განვითარება შეაფერხოს.

გაერთიანებული მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თემს ექვსჯერ მეტი მაჟორიტარი ეყოლება, რაც თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

თუ მუნიციპალიტეტებს დარჩებოდათ საშემოსავლო გადასახადის ნაწილი თითოეული დასაქმებულისგან, თვითმმართველობებს ექნებოდათ ბუნებრივი მოტივაცია, ეზრუნათ ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე, მარტივი მიზეზის გამო – დასაქმებულთა რაოდენობა პირდაპირ აისახებოდა ბიუჯეტზე, რომლის 25% სრულიად კანონიერად შეუძლიათ საკუთარ ხელფასებზე გადაანაწილონ.

ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე ექსპერტმა, ირაკლი მელაშვილმა გაიხსენა, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრებს ქონდათ შესაძლებლობა, ამის პრაქტიკული მაგალითი ენახათ პოლონეთის ერთ-ერთ, საბჭოთა პეროდში ღარიბ და მოუვლელ, დღეს კი – აყვავებულ სოფელში, რომელსაც ერთად სტუმრობდნენ. ადგილობრივების თქმით, ცენტრმა მისცა მათ შესაძლებლობა და ყველაფერი საკუთარი ძალებით გააკეთეს. სხვა სოფლის გამგებელი კი ძალიან შეწუხებული იყო, რომ მის სოფელში ჩამოსულ ინვესტორთან ვიზიტის ერთი დღით გადადების გამო, სხვა სოფლის გამგებელმა დაასწრო და ინვესტორი გადაიბირა. ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს თუ რამდენად ძლიერია მოტივაცია და რა შედეგის მოტანა შეუძლია მას რეალური თვითმმართველობის პირობებში. რაც შეეხება ჩვენს თვითმმართველობებს, ირაკლი მელაშვილის თქმით, “თავიდან ბოლომდე დამოკიდებული გახადეს ცენტრალური ხელისუფლების ნებაზე და მოკლეს ადგილზე ინიციატივა”.

გამოდის, რომ მოსახლეობის ის არაინფორმირებული ნაწილიც კი, რომელიც მხოლოდ «ქალაქის სტატუსის» გამო ეწინააღმდეგება საკრებულოს, თვითმმართველობის ინფორმირებულ წევრებზე უფრო ლოგიკურ და სასარგებლო გადაწყვეტილებამდე მიდის, მაგრამ მისივე წარმომადგენლობა უშლის ხელს ამ ნების ასახვას თუნდაც ისეთ დოკუმენტში, რომელსაც, “გადამწყვეტი ფუნქცია არ აქვს”…

“საკრებულო, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა ახორციელებს თვითმმართველობას, გაერთიანების წინადადების არმოწონების შემთხვევაში მტკიცედ დააფიქსირებდა მოსახლეობის პოზიციას, რაც საკრებულოს სხდომი ოქმში ასახებოდა და პარლამენტი იძულებული იქნებოდა გაეთვალისწინებინა ეს ყველაფერი, სადაც წარმომადგენლების საშუალებით, დოკუმენტებში ასახული იქნებოდა ამავე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ურყევი ნება”- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯეს” წარმომადგენელი ეგნატე შამუგია.

ქართული და ევროპული თვითმმართველობები

თვითმმართველობის არსი სწორედ ის არის, რომ ხელი შუწყოს ადამიანური რესურსის უფრო ეფექტურ გამოყენებას, რადგან რეალური თვითმმართველობის პირობებში, განვითარების პროცესში ჩართულია მოსახლეობის ყველა ფენა და არა მხოლოდ ელიტა,თუმცა, ჯერჯერობით, ხელისუფლების ნება ურყევია.

საზოგადოებაში არსებული ცოდნის, იდეების, შემოქმედებითი მუხტის რეალიზება გაცილებით უფრო მარტივი ხდება, რადგან საზოგადოება თვითონ ქმნის და მართავს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ინსტრუმენტებს, თვითონვე ახორციელებს კონტროლს და რა თქმა უნდა, დივიდენდებსაც თვითონ იღებს ჩადებული შრომის, ცოდნის და კაპიტალის შესაბამისად. ასეთია თვითმმართველობები დღევანდელ ევროპაში. ასეთი იყო ჯერ კიდევ ძველი შუმერების დროს, რომლებიც სახალხო კრების გარეშე არცერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო საკითხს არ წყვეტდნენ; სახალხო კრებაში კი ყველა ზრდასრული მამაკაცი იღებდა მონაწილეობას.

თვით ტერმინი “მუნიციპალიტეტი”, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება, სათავეს ძველი რომიდან იღებს და ნიშნავდა თვითმმართველობის უფლებით აღჭურვილ ქალაქებს. ძველი ბერძნები კი იდიოტს(«იდიოტეს» – კერძო პირი) უწოდებდნენ მოქალაქეს, ვინც საკუთარი ნებით უარს ამბობდა მაშინდელი თვითმმართველი ქალაქის საერთო კრებაში და ზოგადად, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობაზე.

ქართული თვითმმართველობის ელემენტები არსებობას იწყებენ 13-ე საუკუნის დასაწყისში. თბილისში ჩნდებიან “ქალაქის ბერებად” წოდებული დროებითი მმართველები, რომლებიც სრულიად დამოუკიდებლად, რიგ-რიგობით, თითო თვე მართავენ ქალაქის საგადასახადო სისტემას, 12 კაციანი “ქალაქ კომუნის” სახით.

მმართველობის ამ ფორმამ დიდხანს ვერ გასტანა და საუკუნეების შემდეგ, 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა პირველი საქალაქო საკრებულო, რომლის წევრებსაც მოქალაქეები ირჩევდნენ. თუმცა, საარჩევნო ხმის უფლება მხოლოდ შეძლებულ მოქალაქეებს ქონდათ. საკრებულოს შემადგენლობა კი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა: დიმიტრი ყიფიანი, ნიკოლოზ ზუბალაშვილი, კონსტანტინე მამაცაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ქართველიშვილი, ივანე მაჩაბელი, დავით სარაჯიშვილი და სხვა წარჩინებული მოღვაწეები.

1917-1921 წლებში ყველა მოქალაქემ მიიღო სარჩევნო ხმის უფლება, რომელიც ანექსიის შემდეგ ისევ დაკარგა. ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიაც სამოქალაქო ომით და რუსული ოკუპაციით დაიწყო, რამაც ხელი შეუშალა თვითმმართველობების აღდგენის და განვითარების პროცესს. ხელისუფლებები იცვლებოდნენ, მაგრამ სეპარატისტულად განწყობილი რეგიონების დაკარგვის შემდეგ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ძალაუფლების დეცენტრალიზაციისკენ არსებითი ნაბიჯების გადადგმა. შეფერხდა რეალური თვითმმართველობის განვითარება.

როგორც ჩანს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესიც რთულ გზას გადის. ერთის მხრივ, თითქმის ყველა პოლიტიკაზე საუბრობს, საზოგადოება პოლიტიზირებული ჩანს, მაგრამ ამავე დროს, არის აბსენტეიზმის ნიშნებიც, როცა იგივე საზოგადოება უარს ამბობს პოლიტიკურ ცხოვრებაში რეალურ ჩართულობაზე.

საქართველოში, თანამედროვე თვითმმართველობები, 27-წლიანი ჭრა-კერვის და ფორმირება-რეფორმირების შედეგად, ჩამოყალიბდნენ ხელისუფლების ერთგვარ განშტოებად, ბრძანების უსიტყვო შემსრულებლად. კომუნიკაციის საშუალებათა განვითარების მიუხედავად, თვითმმართველობამ დღემდე ვერ მიაღწია ანტიკური საბერძნეთის ჩართულობის დონეს, როცა საზოგადოებრივი საქმისაგან განზე დგომა უგუნურ საქციელად ითვლებოდა და სადაც რეალური თვითმმართველობები ხორციელდებოდა. მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, თუმცა ძველი ბერძნების ენაზე, ეს ყველაფერი უბრალოდ, იდიოტობად ჩაითვლებოდა…

*მასალა ქვეყნდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის “თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

კომენტარები