ფოთში, ზღვისპირას მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც მხოლოდ ორი მოსახლეა დარჩენილი, იმდენად ავარიულ მდგომარეობაშია, რომ ყოველ წუთს არსებობს მისი დანგრევის საშიშროება.

აქ მაცხოვრებლები ხელისუფლებისაგან საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას დღემდე უშედეგოდ მოითხოვენ.

ავარიულ ბინაში დალი თოდუა შვილთან და 13 წლის შვილიშვილთან ერთად უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. მისი თქმით, ოჯახს არა აქვს სხვა ბინის შეძენის საშუალება, ამიტომ აუტანელ პირობებში უკვე წლებია უწევთ ცხოვრება.

2012 წელს, წინასარჩევნო კამპანიიის დროს, ფოთის მაჟორიტარი თავად იმყოფებოდა თოდუების ოჯახში. მან კამერების წიმ მკაცრად გააკრიტიკა იმჟამინდელი მერი ვახტანგ ლემონჯავა და ოჯახს დახმარებას დაპირდა.

“მილიონ ლარს ურიცხავს ფოთის ბიუჯეტიდან შსს-ს ავტომანქანების საყიდლად. ამის ფული აღმოაჩნდა ბიუჯეტს, მაგრამ ერთი ოთახი არ აღმოაჩნათ, რომ ეს ოჯახი გაეყვანათ”- აცხადებდა მაშინ მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია.

ეს ოჯახი 2016 წელს კიდევ უფრო გაუსაძლის და ავარიულ პირობებში ცხოვრობს. სახლს სანახევროდ არ აქვს სახურავი, ფანჯრები, დაბზარულია ჭერი და კედლები, ავარიულია კიბე და საცხოვრებლად საშიშია.

“როგორც გარეთ წვიმს, ისე გვაწვიმს შიგნითაც,”- აცხადებს დალი თოდუა. მისი თქმით, მოდიან, უღებენ სურათებს სახლს, პირდებიან ყოველ არჩევნებზე, მაგრამ შედეგი არ არის.

კომენტარები