ფოთი – ევროპის კარიბჭე, ათეული წლებია ფოთელებს ეს ფრაზა ესმით, თუმცა ევროპას დღითიდღე შორდება ქალაქი და მხოლოდ საწარმო ზონად გარდაიქმნება, სადაც სუნთქვაც კი სახიფათო ხდება. დღეს ფოთელი ბავშვები, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშაა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათ ორგანიზმში ჭარბად აღმოჩენილი მძიმე მეტალები, საწარმოების შემოწმების შედეგად აღმოჩენილ მეტალებს ემთხვევა.

მიუხედავად იმისა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, პერიოდულად აჯარიმებს არაკეთილსინდისიერ და კანონდამრღვევ კომპანიებს, ისინი ჯარიმებს იხდიან, ხოლო მდგომარეობა უცვლელია.

ქალაქ ფოთში დაახლოებით, 10 წელია ფუნქციონირებს პოსტსაბჭოთა პერიოდში აშენებული სამრეწველო საწარმოები (მეტალურგიული ქარხანა, სპილენძის კონცენტრატის გამამდიდრებელი საწარმო, ცემენტის ორი ქარხანა, თევზის გადამამუშავებელი 4 ქარხანა და ა.შ.) და გაცილებით ადრე აშენებული ფოთის საზღვაო პორტი.

თავისთავად, საბჭოური პერიოდის საწარმოთა დახურვის და მოსახლეობის (ფოთში 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს) გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ამ საწარმოთა აშენებას ხალხი კმაყოფილებით შეხვდა და საერთო პოზიტიურ ფონზე არ და ვერ გაითვალისწინა ის, რომ მათში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული მოსახლეობის ჯანმრთელობის და ბუნების დაცვის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებები.

მოსახლეობის არაინფორმირებულობამ და ადგილობრივ ხელისუფალთა და ოფიციალური ცენტრალური თუ სამხარეო უწყებების წაყრუებამ, რისი მიზეზადაც შესაძლოა პირდაპირ დასახელდეს გულგრილობა და კორუფცია, მოსახლეობის ჯანმრთელობის და გარემოს დაზიანება გამოიწვია. მაგალითად, ფალიაშვილის ქუჩელები იხსენებენ, თუ როგორ მოატყუეს ისინი და დაანონსებული სასასწყობე ტერმინალის ნაცვლად, 100- 150 მეტრში ცემენტის ქარხანა აუშენეს.

„როცა არაერთი აქცია გავმართეთ გარემოს დაბინძურების გამო და შევხვდით ცემენტის ქარხნის ხელმძღვანელს, მან განგვიცხადა, რომ მათ აქვთ ნებართვა. მოსახლეობასთან ასე ახლოს, როგორ შეიძლებოდა ასეთი ქარხნის აშენება? ამას ემატება, ჩვენს ქუჩაზე მოძრავი ასობით ტრაილერი, რომელიც გავლის დროს ზემოდანაც ყრის მტვერს და ასფალტის საფარის არარსებობის გამო, მთელი ქუჩა მტვერსა და ბუღშია. 24 საათი ხმაურია, სახლები დაგვებზარა ვიბრაციის გამო“ – აცხადებს ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებელი ლარისა ბერაია.


ნაბადის უბანში, 2010-2012წლებში, კიდევ ორი ქარხანა აშენდა: მეტალურგიული შპს Moulds and Metals Georgia და მისი უშუალო მეზობელია სპილენძის კონცენტრატის გამამდიდრებელი საწარმო შპს Caucasus Metals Terminal. ამ ადგილებში (ჭავშავაძის ქუჩის ბოლოს) უწინ რეკრეაციული ზონა იყო და ფოთელები პიკნიკებს აწყობდნენ უქმეებზე, რადგან იქ ევკალიპტების ჭალა იყო, რომელიც მთლიანად გაიკაფა და მოსახლეობას შერჩა დაბინძურებული გარემო. ხსენებული ქარხნებიდან 100 მეტრის დაშორებით კომპაქტური დასახლებებია.

„აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. გაჩეხეს ევკალიპტის ასწლოვანი ხეები და ეს ორი მომწამვლელი ქარხანა ჩადგეს. ხეხილი გამინადგურდა, ეზოში ვერაფერი ვერ მომყავს, თუ რამემ გაიხარა, ყველაფერს წებოვანი მტვერი ადევს, არც ირეცხება, უბრალოდ, არ შორდება…“-ამბობს 64 წლის კუკური კილასონია და წუხს ბავშვების გამო, რომლებიც ყოველდღიურად ისუნთქავენ ქარხნების გამონაბოლქვს და მტვერს.

მოსახლეობა მეტალურგიულში ხშირ აფეთქებებს და მძაფრ სუნსაც უჩივის. მათი თქმით, სავარაუდოდ, ჯართად ჩაბარებული გაზის ბალონები ფეთქდება. ამასთან დაუცველი შრომის უსაფრთხოების გამო, იქ დასაქმებულებიც საფრთხის ქვეშ არიან. ყოფილა დაზიანების ფაქტებიც.

რას ამბობს მაკონტროლებელი?

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის აგვისტოში ჩატარებული შემოწმების აქტში ვკითხულობთ, რომ “ინსპექტირების შედეგად დადგინდა „ინდუქციური ღუმელის მიმდებარე ტერიტორია დაფარული იყო გამოყოფილი აირებიდან წარმოქმნილი მტვრის სქელი ფრაქციით, ამასთან, ჯართის შემადგენლობიდან გამომდინარე, მისი დნობიდან, ატმოსფერულ ჰაერში გამოყოფილი დამაბინძურებლები შეიძლება იყოს არაორგანული მტვერი, ნახშირბადის ოქსიდი (CO), აზოტის ოქსიდები (NOx), მძიმე მეტალები, როგორიცაა – ტყვია (Pb), კადმიუმი (Cd),დარიშხანი (As), ქრომი (Cr), სპილენძი (Cu), ნიკელი (Ni), თუთია (Zn)“.

ანალოგიური წერია 2020 წლის აგვისტოს შემოწმების აქტშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა უცვლელია, ხოლო გასულ და მიმდინარე წლებში, მიმდებარე მოსახლეობის ლაბორატორიული კვლევის შედეგად, მათ სწორედ ის მძიმე მეტალები (ტყვია, სპილენძი) აღმოაჩნდათ ჭარბად სისხლსა და თმაში, რომლის მტვერზეც ოქმში წერია.

მეტალურგიული ქარხნიდან, დაახლოებით 100 მეტრში, სპილენძის კონცენტრატის გამამდიდრებელი საწარმოში – შპს Caucasus Metals Terminal, მადნის შემოტანა/დასაწყობება/გამდიდრება ღია წესით, მექანიკური შერევა/გადამუშავების გზით მიმდინარეობს, რის შემდეგაც, მირებული პროდუქცია ფოთის პორტიდან ექსპორტზე გააქვთ. გადამუშავების პროცესი და შემდგომ მისი ტრანსპორტირება ასევე აყენებს მტვერს და ასევე გარემოს ძლიერი დამაბინძურებელია, თუმცა, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არც აღნიშნული კომპანიას გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს და არც ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშს არ გვაწვდის.

„შპს ,,Caucasian Metals Terminal-ის სპილენძის კონცენტრატის გადასატვირთ ტერმინალზე სამინისტროს მიერ, 2017 წლის 5 დეკემბერს შეთანხმებულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში.“ – ესაა სამინისტროს ოფიციალური პასუხი.
შპს Caucasian Metals Terminal-ის 85%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია C.I.I. Clay Industries International Limited, ხოლო 15%-ს კი ფოთის ექს-მერი გოჩა კურდღელია ფლობენ. ოფშორის უკან მდგომი კომპანია თუ პირი, უცნობია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, Caucasian Metals Terminal-მა 2017-2018 წლებში სახელმწიფოსგან აუქციონის გზით საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე 3 აქტივი შეიძინა: 1) ქალაქ ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე არსებული 4,934 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 348,000 ლარად, 2) ქალაქ ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე 5,501 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 388,000 ლარად და 3) ქალაქ ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე 3,002 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 214,000 ლარად.
როგორც ჩანს კომპანია გაფართოებას გეგმავს, შემოსავლებიც სოლიდური აქვს, მაგრამ მოსახლეობის ინტერესების დაუცველობას განაგრძობს.

მოსახლეობას მიაჩნია, რომ ფოთის მერი, როგორც მაღალი თანამდებობის პირი და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი (მან მისი კუთვნილი კომპანიებიდან 2017 წელს საერთო ჯამში 20 556 503 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო), იყენებს საკუთარ კავშირებს და გავლენებს და უკვე მრავალი წელია საქმიანობს სტანდარტის დარღვევით.

გარემოს დამაბინძურებელი ნავსადგური

ნავსადგურის შემთხვევაში, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პორტში სისტემატურად იტვირთება ნაყარი (შეუფუთავი) ტვირთები. ეს ტვირთებია: გოგირდი, სპილენძის და მანგანუმის კონცენტრატი, ალუმინის ოქსიდი, ქვანახშირი, ხორბალი და ა.შ. შეფუთულია, მაგრამ მოსახლეობის საცხოვრებელთან სახიფათო სიახლოვეს იმყოფება კარბამიდის საწყობი, მოსახლეობიდან მიღებული ცნობით, არის აფეთქების საფრთხე, რადგან ღიად დაყრილ გოგირდს არაერთხელ გაუჩნდა ხანძარი, რომელიც ლიკვიდირდა, მაგრამ მისი კვამლი გარემოში გაიფრქვა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ გარემოს დაცვის ცხელ ხაზზე (153)დარეკა და მიაწოდა ინფორმაცია, შემოწმების აქტში წერია, რომ ხანძარი არ აღინიშნებოდა. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი მოსვლის დროს ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო, მაგრამ მათ ინსპექტორებს უჩვენეს ვიდეომასალა, თუმცა ინსპექტირების მასალებში ის მაინც არ მოხვდა.

პორტის მიმდებარე გეგიძის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობა, პორტთან მიმავალი გზას წლებია პერიოდულად კეტავს, პორტის და ქალაქის ადმინისტრაციის მიმართავს დახმარების თხოვნით უკვე 20 წელიწადზე მეტია, მაგრამ უშედეგოდ.

მოსახლეობის მიერ, ქალაქის საკრებულოსთვის არაერთი თხოვნითა და პეტიციით მიმართვის შემდეგ, გარემოს დაცვის სააგენტომ პორტის მიმდებარე საცხოვრებელ უბანში დაამონტაჟა ჰაერის სისუფთავის შემფასებელი მობილური სადგური, რომელიც ატმოსფეროში PM2,5 და PM10 ნაწილაკების შემცველობას 5 თვე ზომავდა.

მონაცემებით, დაბინძურება ბევრად აღემატება მაქსიმალურად დასაშვებ ნორმას, მაგრამ შემდეგ, იმ მიზეზით, რომ მობილური სადგური თავდაპირველად დაიდგა არასწორ ადგილზე, მონაცემები არავალიდურად ჩაითვალა, რაც ასევე მოსახლეობას დააბრალეს.

ხსენებული სადგური ამჟამად უმოქმედოდ დგას ჯავახიშვილის ქ. #30-ში და არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ხელისუფლება არ რეაგირებს.

რას გვიჩვენებს ანალიზის შედეგები?

ქარხნების მიმდებარე მოსახლეობის ლაბორატორიული ანალიზის მიხედვით, რომელიც სამოქალაქო პლატფორმამ – „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“ ჩაატარა 20 ბავშვზე, აღმოჩნდა – ტყვიის, სპილენძისა და რკინის შემცველობა სისხლშიც და თმის ღეროებშიც რამდენიმეჯერ აჭარბებს ნორმას. მძიმე ლითონების (ტყვია და სპილენძი) გადაჭარბებული შემცველობა აღმოჩნდა ნიადაგშიც.

არსებული მასალების წარდგენის შემდეგ დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალური წერილით მიმართა ფოთის მერიას არანაკლებ 200 ბავშვის და მათი ოჯახის წევრების აუცილებელი შემოწმების თაობაზე. დიდი ხნის ლოდინის და კამათის შემდეგ თანხის ნაწილი გამოიყო, ჩატარდა ტენდერი ლაბორატორიის შერჩევაზე და მიმდინარე წლის 17 ივნისიდან 104 ბავშვის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა მძიმე მეტალებზე, თუმცა ოფიციალური პასუხები დღემდე არ გასაჯაროვებულა.

ფოთის მერიის მიერ მოწოდებული ზეპირი მონაცემებით, ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა 37 ბავშვს, აქედან 17 ჯავახიშვილის ქუჩიდანაა, ხოლო 9 ჭავჭავაძის ქუჩიდან.

რა გამოსავალი არსებობს და რას პასუხობენ კომპანიები?

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ 3 გამოსავალი არსებობს. ან საწარმოებმა იმუშავონ სტანდარტის დაცვით, ან გადაიტანონ ისინი ქალაქგარეთ ან მოხდეს მათი იძულებითი განსახლება/კომპენსაცია.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ დგას მათ მხარეზე, არ იცავს მათ ინტერესებს და გარიგებულია საწარმოებთან. საწარმოთა ხელმძღვანელები, თავის მხრივ, მოსახლეობის იგნორირებით ცდილობენ თავი აარიდონ პრობლემას.

ნავსადგურის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ეს APM Terminals -ის პრობლემა არაა, რადგან მათ იჯარით აქვთ გაცემული ტერმინალები და პასუხიმგებლობას იხსნიან, ხოლო მოიჯარე ტერმინალების მფლობელები მოსახლეობას ან მედიას ამ თემაზე არც კი ხვდებიან, უფრო მეტიც, მათი უმრავლესობა ოფშორშია რეგისტრირებული და მიგნებაც კი ჭირს.

27 აგვისტოს, პრემიერი ღარიბაშვილი ფოთში იმყოფებოდა. ქუჩის გადაკეტვისა და 2-საათიანი მოთხოვნის შემდეგ, ის ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა და განსახლებას დაპირდა. ახალი კორპუსების მშენებლობამდე მოსახლეობა ქირით გაყვანას ითხოვს, მაგრამ შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ. თუმცა, პრობლემას ვერც ეს აგვარებს, რადგან დაბინძურების წყაროსთან დარჩენილი მოსახლეობის სხვა ნაწილი, ისევ პრობლემასთან პირისპირ რჩება.

სხვა დამაბინძურებელი საწარმოებიც ასევე იხსნიან პასუხისმგებლობას და აცხადებენ, რომ კანონს არ არღვევენ და დარღვევების შემთხვევაში, ჯარიმებს იხდიან.
“როცა მეტალურგიულის და სპილენძის კონცენტრატის ხელმძღვანელებს პრობლემის მოგვარებას ვითხოვ, მეუბნებიან, რომ მათგან პრობლემა არაა და ეს დაბინძურება მათი ბრალი არაა. არადა, ოთხივე ბავშვს მაღალი აქვს ტყვია სისხლში, ერთს სპილენძი აქვს მაღალი. რა ვქნა, სად წავიდე? ხან მუცელი ტკივათ, ხან თავი. ხან სკოლაში ხდებიან ცუდად, სახლშიც სასწრაფო რამდენჯერ გამოვიძახე, ქუთაისშიც მეწვა ბავშვი. გონებას კარგავს. ვერაფერი ვერ დაუდგინეს, ბოლოს მითხრეს ტყვიითაა მოწამლულიო. ქარხნებთან რომ მივედი, სოციალურად დაუცველი ხარ, ვერ კვებავ წესიერად, ვიტამინებს ვერ აძლევ თავის დროზე და მაგის ბრალიაო. ვითხოვ გასახლებას, შვილებს აქ ვერ მოვკლავ”- ამბობს 4 შვილის დედა ანჟელა ბეჭვაია, რომელიც წლებია იბრძვის და შედეგს ვერ აღწევს.

კომენტარები